მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმია კურსკის ოლქში შეტევას აგრძელებს

უკრაინის არმია კურსკის ოლქში შეტევას აგრძელებს

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული არმია იერიშებს აგრძელებს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა კვლავ წინ წაიწიეს. რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით, დასავლური კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ კრემლის ჯარისკაცებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან უკან დაიხიეს. ბრძოლა გრძელდება კორენევოსა და სუჯას ფლანგებზე. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, რომ კურსკის ოლქში მოსკოვმა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფი აამოქმედა.

„ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის. როგორც ყოველთვის საუბარი ეხებოდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას. განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება პოკროვსკის, ტორეცკისა და კურახოვეს მიმართულებაზე. განსაკუთრებით აღვნიშნეთ ასევე კურსკის ოპერაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქმედება ამ რეგიონში გეგმის მიხედვით რეალიზდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ტელეკამერებთან კვლავ გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. პუტინი ახლა სულ სხვა შედეგებზე საუბრობს. მან ახსენა, რომ კურსკში უკრაინის არმიის შესვლამ რუსული საზოგადოების კონსოლიდაცია გამოიწვია და კურსკის რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. და რას საუბრობს პუტინი – „უპირველესად, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ვითარების სტაბილიზება შეძლეს და დაიწყეს უკრაინული ძალების უკუგდება საზღვრის მიმართულებით. მეორე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი შეტევის შეჩერება ვერ ხერხდება. საკმაოდ დიდი და კარგად გაწვრთნილი შენაერთების სასაზღვრო რეგიონებში გადასროლით მტერმა თავი დაისუსტა საკვანძო რაიონებში და ჩვენმა არმიამ შეტევა დააჩქარა. ასეთი ტემპით ტერიტორიის დაკავება აქამდე არ ყოფილა. მაგალითად, გუშინწინ ვოსტოკის დაჯგუფებამ დიდი ტერიტორია დაიკავა. დონეცკის რეგიონში ცენტრალური დაჯგუფებაც ასევე ძალიან შედეგიანია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თუმცა სამხედრო ბლოგერები, მათ შორის, რუსები საუბრობენ, რომ დონეცკის მიმართულებით რუსული იერიში შენელდა. კრემლის არმიამ კი, კვლავ დაბომბა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები. რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქალაქ ლვივში. რუსეთი მიმდინარე კვირას თავს დაესხა უკრაინის სხვა ქალაქებს, მათ შორის, კიევს, ხარკივს, დნიპროსა და ზაპორიჟიას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინას 72 საავიაციო დარტყმა მიაყენა. ფრონტის მთელ ხაზზე კი სხვადასხვა ინტენსივობის 138 იერიში მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend