ჯორჯიის შტატის, ქალაქ ვაინდერის, აპალაჩის საშუალო სკოლაში 14 წლის მოსწავლემ 4 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია და მათგან ორი მოსწავლეა, ორი კი მასწავლებელი.
მომხდარს იხსენებენ სკოლის მოსწავლეებიც.
„წყლისთვის გარეთ გამოვედი, როდესაც იარაღიდან გასროლის ხმა გავიგე. საკლასო ოთახისკენ გავიქეცი და ხმამაღლა ვიყვირე, რომ აქ ვიღაც იარაღიდან ისროდა. კარი ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე, კარს უკან დავდექი და ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი“, – ჰყვება ლენდონ ქულვერი, აპალაჩის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.
ოთხშაბათ საღამოს ვაინდერის მაცხოვრებლები გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად პარკში შეიკრიბნენ, დაანთეს სანთლები და ერთად ილოცეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ოჯახში და მომხდარის გააზრება ძალიან უჭირთ.
„აპალაჩიში უამრავი მეგობარი მყავდა. მე ბენდში ვიყავი და ჩემთვის ეს სამეგობრო წრე დიდ საზოგადოებად აღიქმებოდა. ეს ჩვენთვის ყოველთვის დიდი ოჯახი იყო. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები სხვა სკოლაში გადადიოდნენ, ისინი მაინც მოდიოდნენ აქ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და განსაკუთრებით ახლა ვუჭერთ მხარს“, – ამბობს ეშლი ჰაუფი, სკოლის მოსწავლე.
პარალელურად მკვლელის შესახებ დამატებითი დეტალები გაირკვა, კერძოდ, FBI-მ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 14 წლის ბიჭი, კოლტ გრეი, დაკავებულია. ერთი წლის წინ მასზე საქმე უკვე აღძრეს. რამდენიმე ადამიანმა ანონიმურად მიმართა პოლიციას კოლტის მხრიდან ონლაინმუქარის შესახებ, არასრულწლოვანი მათ მოკვლით ემუქრებოდა. მაშინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო კოლტი არ დაუკავებიათ.