ვრცელდება ღაზიდან ძალიან მძიმე კადრები, რომლებიც ისრაელის თავდასხმიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ გადაიღეს.
დედას ბავშვი მიჰყავს ექიმებთან, არ იცის, მის შვილს რა სჭირს. როგორც შემდეგ ირკვევა, ფეხზე აქვს ღრმა ჭრილობა, თუმცა არც მისი და არც მეორე ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც ასევე ამ თავდასხმის დროს დაშავდა, საფრთხე არ ემუქრება. გადარჩნენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს დილით დაიღუპნენ. მაშინ, როცა დევნილთა ბანაკში იყვნენ. ზოგიერთ მათგანს თავდასხმის დროს ეძინაო – ასე ამბობენ ახლობლები.
A heartwarming moment amid heartbreaking loss in Gaza.
Despite multiple challenges, UNICEF is actively working for the protection and welfare of children on the ground.
But a ceasefire is what they need the most right now. pic.twitter.com/rdYztcWBIK
— UNICEF (@UNICEF) August 15, 2024
ღაზაში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და დღეს მათი 90% დევნილია. უკვე 11 თვეა შიშში ცხოვრობენ, უყურებენ როგორ ინგრევა მათი სახლები და როგორ იღუპებიან მათი ოჯახის წევრები.
ისრაელი საევაკუაციო დერეფნის გახსნას დასთანხმდა, თუმცა ე.წ. ჰუმანიტარულ ზონებს პერიოდულად მაინც უტევს. ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ ჰუმანიტარულ ზონებს „ჰამასის“ წევრები აფარებენ თავს და სწორედ ისინი არიან ისრაელის სამიზნეები. თუმცა ამ ომში ყველაზე დიდი დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობას აქვს.
„რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომ ასე გაიმეტეს? მაშინ ამოიღეს სამიზნეში როცა ეძინათ… რა ვქნათ ახლა, რა ვუყოთ მათ. არც საავადმყოფოა უსაფრთხო, არც სკოლა, არც სახლი და არც ბაზარი“, – ამბობს უმ მოჰამად ვადი, ღაზის მკვიდრი.
უსაფრთხო ადგილის პოვნა ღაზაში წარმოუდგენლად რთულია. აქ ისრაელის სამხედრო თავდასხმას 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასამდე კი დაიჭრა.
ომი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა იერიში. იერიშს დაახლოებით 1200 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასის“ წევრებმა 250 მოქალაქე მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი, უფრო ზუსტად კი 100 ადამიანი, არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ ღაზაში რჩება. თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი უკვე დიდი ხანია მოკლეს.