მთავარიევროპაუნგრეთიევროკომისია ორბანს კვლავ აკრიტიკებს

ევროკომისია ორბანს კვლავ აკრიტიკებს

„ეროვნული ბარათის“ სქემა კონკრეტული ეროვნების ადამიანებს სთავაზობს გამარტივებულ პროცედურას სამუშაო ვიზების მოსაპოვებლად. ამ ნებართვას აქვს 2-წლიანი ვადა და შესაძლებელია მისი დამატებით 3 წლით გახანგრძლივება, რაც ნიშნავს რომ ამ ნებართვის მქონე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უნგრეთში მრავალწლიანი ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

თავდაპირველად ეს ბარათი მხოლოდ უკრაინისა და სერბეთის მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ივლისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წესები შეიცვალა და იგი უკვე ხელმისაწვდომია ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ექვსივე ქვეყანა, რომელზეც ეს სქემა ვრცელდება (გარდა რუსეთის და ბელარუსისა), ევროკავშირში გაწევრების კანდიდატია.

ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მოსკოვში გამართულ ე.წ. სამშვიდობო მისიას დაემთხვა, მოჰყვა მწვავე კრიტიკა ევროკავშირის ლიდერებისგან. ბლოკში შიშობენ, რომ ამ სქემის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე გავრცელებამ შესაძლოა კარი გაუხსნას ჯაშუშებს და ასევე გახდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმი.

ილვა იოჰანსონი, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვებს ბადებს და წარმოადგენს საფრთხეს მთელი შენგენის ზონისთვის. მან ისაუბრა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მომხდარი ინციდენტების შესახებ, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. ისაუბრა რიგი დივერსიული და ჰაკერული თავდასხმის შესახებ ჩეხეთში, ესტონეთში, ლიტვასა და პოლონეთში. აღნიშნა გერმანიის სამხედრო ბაზების უსაფრთხოების შესაძლო რისკები.

მან ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ ბუდაპეშტისგან ელოდება პასუხებს დამატებით შეკითხვებზე, კონკრეტულად:

  1. რატომ თვლის მიზანშეწონილად უნგრეთი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე „ეროვნული ბარათის“ სქემის გავრცელებას არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით?
  2. რატომ არ იღებს უნგრეთი დამატებით ზომებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების განცხადებების შემოწმებისას?

უნგრეთს ევროკომისრის შეკითხვების გასაცემად ვადა 11 სექტემბრამდე აქვს.

„ახლა არის დრო მეტი სიფხიზლის და არა ნაკლების. ახლა არ არის დრო რბილად მივუდგეთ უსაფრთხოების საკითხს, რამაც პოტენციურად შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მთელი შენგენის ზონის უსაფრთხოებას. ძირი გამოუთხაროს ნდობას და სოლიდარობას შენგენის ზონაში. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ.

რატომ თვლის უნგრეთის მთავრობა მსგავს სქემას მიზანშეწონილად მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში? მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა შეზღუდულია და შენგენის ზონის უსაფრთხოებაზე ზემოქმედების დონესთან არაპროპორციული.

ძალიან გასაკვირია, რადგან ევროკავშირის უსაფრთხოება სხვა რისკების წინაშეც დგას, არ ნიშნავს, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ უზარმაზარ საფრთხეზე, რაც რუსეთისგან მოდის. ჩემი აზრით, უცნაურია მიესალმებოდე კონკრეტულად რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს, როდესაც ვიცით, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი“, – განაცხადა ილვა იოჰანსონმა, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში იანოს ბოკამ ევროკომისრის შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ შვიდ ქვეყანას უფრო მეტი ვიზა აქვს გაცემული რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიდრე უნგრეთს. მათ შორისაა გერმანია, ლატვია, პოლონეთი და ესპანეთი.

ბოკამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბარათის გავრცელება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე უნგრეთში მუშახელის დეფიციტის შემცირებას ემსახურება და ეს ცვლილება სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს ისიც, რომ იანოს ბოკა არ იყო მიწვეული ევროპარლამენტში, რათა პირადად გაეცა პასუხი იოჰანსონის კითხვებზე.

,,ეს სისტემა ივლისიდან მოქმედებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ათი ნებართვა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებზე ოთხი. ეს არ არის მზარდი ტენდენცია, ეს ციფრები სტატისტიკურად უმნიშვნელოა.

როდესაც საქმე „ეროვნულ ბარათს“ ეხება, უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში არ არსებობს არანაირი პრობლემა იურიდიული თუ უსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა ჩემი შეფასებით აშკარა პოლიტიკური ისტერიაა, რომელიც ევროპარლამენტის უმრავლესობამ და ბლოკის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შექმნა“, – ამბობს იანოს ბოკა, უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში.

მორიგი დავა ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის მიმდინარეობს კიდევ ერთი უთანხმოების პარალელურად, რომელიც დაკავშირებული ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებულ 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმასთან, რომლის გადახდაზეც ბუდაპეშტი უარს ამბობს.

ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, რომ ეს დავა „ეროვნული ბარათის“ სქემის შესახებ არ წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევას და შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს სამართლებრივი ქმედებების საფუძველი ორბანის ხელისუფლების წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend