ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს აფრიკის 33 სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა დეტალურად მიმოიხილა ჩინეთ-აფრიკის ურთიერთობების 70-წლიანი ისტორია და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა ახლა ყველაზე ძლიერია. აგრეთვე, სი ძინპინმა აფრიკულ ქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თანამშრომლობა შესთავაზა.
„სამომავლო განვითარების მიზნით მე გთავაზობთ, რომ ჩინეთ-აფრიკას შორის ურთიერთობები ამაღლდეს სტრატეგიულ დონემდე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი საზოგადოებები ახალ ერაში საერთო მომავალს გაიზიარებენ“, – აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი.
2000 წელს პირველად გაიმართა ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი, რამაც ჩინეთი აფრიკის რეგიონში მთავარ მოთამაშედ აქცია. „კომუნისტურმა პარტიამ” სერიოზული ინვესტიციები ჩადო აფრიკაში იმ რესურსების მოსაპოვებლად, რომლებიც ჩინური ინდუსტრიის განვითარებისთვის არის საჭირო.
აგრეთვე, ჩინური ბანკები აფრიკაში სესხებს აქტიურად გასცემენ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რითაც ჩინეთი სუბსაჰარული აფრიკის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. თუმცა როგორც სტატისტიკებით ირკვევა, ექსპორტი აფრიკიდან ჩინეთში ბევრად აღემატება ჩინეთიდან იმპორტს. აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ „კომუნისტურ პარტიას” მხოლოდ აფრიკული რესურსები აინტერესებს და რეგიონის განვითარებით რეალურად დაინტერესებული არ არის.
ფორუმზე ჩინეთის პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აფრიკული ქვეყნებისთვის ჩინურ ბაზარს გახსნის და მათთვის გადასახადებს დაწევს. მისივე თქმით, ის მილიარდ იუანს აფრიკის ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისთვის გამოყოფს.
„შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა უზრუნველყოფს 360 მილიარდი იუანის ფინანსურ დახმარებას აფრიკული ქვეყნებისთვის. აქედან 210 მილიარდი სესხის სახით გაიცემა, ხოლო 150 მილიარდი ჩინური კომპანიების მხრიდან აფრიკაში ჩადებული ინვესტიციები იქნება“, – მიმართავს პრეზიდენტი აფრიკის ლიდერებს.
აშშ-თან გაძლიერებული მეტოქეობის ფონზე ჩინეთს სურს, რომ აფრიკასთან თანამშრომლობა გასცდეს ეკონომიკის საკითხებს და პოლიტიკური ელფერი შეიძინოს. ჩინეთის მთავრობას საერთაშორისო წესრიგის შეცვლა და გლობალური ეკონომიკის მართვის ახალი ნორმების დამკვიდრება უნდა.