2024 წლის ივლისში ე.წ „აპარტამენტების შესახებ“ კანონის ხელახლა გაწვევა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური სანქციების მომტანი აღმოჩნდა. მოსკოვმა სოხუმს სოციალური დახმარების პაკეტები შეუჩერა. აფხაზეთის ე.წ „საგარეო საქმეთა მინისტრის“ სერგეი შამბას ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი სოხუმის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობა აღმოჩნდა.
მისივე თქმით, დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კრემლმა სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა, რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას ითვალისწინებს. მათ შორისაა, აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველობის მიერ ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა და რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე.
აფხაზურ საზოგადოებასა და ე.წ „პოლიტიკურ წრეში“ ვარაუდობენ, რომ დასანქცირების მიზეზი სწორედ ე.წ „აპარტამენტების კანონის“ მეორედ ჩაგდებასთანაა დაკავშირებული. ეგრეთ წოდებულმა „კანონპროექტმა“, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო „პარლამენტმა“ თავდაპირველად 2023 წელს წარადგინა, ხოლო საზოგადოებრივი ვნებათაღელვის გამო მოგვიანებით გაიწვია, ერთი წლის თავზეც იგივე გზა განვლო. პროტესტის შედეგიანობის მიუხედავად ექსპერტებიც და მოქალაქეებიც სოხუმში ვარაუდობდნენ, რომ კანონის გაწვევას კონკრეტული შედეგები მოჰყვებოდა, ან მოსკოვი მიზანს მაინც მიაღწევდა.
ფინანსური დახმარების შეჩერებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით კრემლის მიზანია, დაარწმუნოს აფხაზეთის დე-ფაქტო „მმართველობა“, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, მძიმე ნაბიჯებიც კი გადადგას და შეზღუდვების დაწესებას მიმართოს. ჯემალ გამახარია დასძენს, რომ ჩიხში მოქცეული სოხუმის ამოცანა თბილისთან ურთიერთობის გადახედვა უნდა იყოს.
„აფხაზებს თუ გადარჩენა უნდათ, ძალიან ახლო მომავალში უნდა დაიწყოს ქართულ-აფხაზური დიალოგი ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე, გადარჩენის ერთადერთი გზა ესაა. რუსებს თავიდანვე ჰქონდათ ეს ჩადებული, რომ ყოველივეს სანაცვლოდ, რასაც აკეთებენ, მათ უნდა მიიღონ აფხაზეთში დამკვიდრების, დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვებისა და საბოლოო ჯამში აფხაზეთის ანექსიის შესაძლებლობა“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
აფხაზეთისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესება დასჯად შეფასდა თბილისშიც, თუმცა არა საქართველოს პოლიტიკური მმართველობის მხრიდან. თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი არც სამთავრობო და არც ოპოზიციურ გუნდებში არ გაკეთებულა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ შემდგომი შეზღუდვები, შესაძლოა, გასცდეს მხოლოდ ფინანსურ სფეროს და სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებებსაც შეეხოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა სწორი დროა სოხუმსა და თბილისს შორის კონკრეტული მოლაპარაკებების დასაწყებად.
„რუსეთი, პრაქტიკულად, „სჯის“ აფხაზეთს იმის გამო, რომ ისინი უსიტყვოდ აღარ ასრულებენ კრემლის კარნახსა თუ ნება-სურვილს. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ აფხაზეთში არის საკმაოდ რთული ვითარება. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი აფხაზებს. უნდა მოხდეს აფხაზეთის დეიზოლაცია და სწორედაც ეს უნდა მოხდეს ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლებით. აუცილებელია, ეს პროცესები დაჩქარდეს, თუმცა პრობლემა აქ ისაა, თუ რა ხდება ქართული ხელისუფლების მხრიდან, რამდენად არის საქართველოს მთავრობა ამისთვის მზად“, – განაცხადა „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.
დე-ფაქტო რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბრიფინგზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის, გადადგომას გამოეხმაურა.
ე.წ „აპარტამენტების კანონის“ გარდა მოსკოვის მიზანი აფხაზეთში სხვა რეფორმების გატარება იყო, საკუთარი საოკუპაციო პოლიტიკის განმტკიცების მიზნით. მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის დაძაბვის ნიშნები აფხაზეთში მაშინაც შეამჩნიეს, როცა 26 აგვისტოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ე.წ „დამოუკიდებლობის დღე“ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა მიულოცა. სწორედ მისი პრეზიდენტობისას 2008 წელს გამოცხადდა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ „დამოუკიდებლობა“, რითაც „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.