წინანდლის მამულში კვლავ კლასიკური მუსიკის ზეიმია. ფესტივალის მეექვსე სეზონი ჯუზეპე ვერდის „რეკვიემით“ გახსნა პანკავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად. მუსიკოსებს დირიჟორობდა ლეგენდარული იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.
„აუდიტორია ძალიან მგრძნობიარე, კონცერტის ძალიან აქტიური მონაწილე იყო. ორკესტრმა კი შესანიშნავად დაუკრა. შესანიშნავი იყვნენ სოლისტებიც. გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. ასე რომ, ვფიქრობ, ჯუზეპე ვერდი დღეს ძალიან ბედნიერი იქნებოდა”, – ამბობს ჯანანდრეა ნოზედა.
„რეკვიემში” მონაწილეობდნენ მსოფლიოში წარმატებული ვოკალისტები, მათ შორის, იყვნენ: ერიკა გრიმალდი, აგნეშკა რელისი, ჩარლზ კასტრონოვა და მარკო მიმიკა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ეს ძალიან მახარებს. ახლა ენერგიითა და ემოციებით ვარ სავსე. იმედი მაქვს, აქ მალე დავბრუნდები და კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს”, – ამბობს სოპრანო ერიკა გრიმალდი.
„ძალიან კარგი შესრულება იყო. ჩვენ ერთადერთი რეპეტიცია გვქონდა, მხოლოდ ერთი დღე. კარგი იქნება, თუ ამ კონცერტს სამჯერ ან ოთხჯერ შევასრულებთ, რომ ყველა უფრო მშვიდად იყოს. თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. აუდიტორია შესანიშნავი იყო. ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო”, – ამბობს ტენორი ჩარლზ კასტრონოვო.
წინანდლის მამულში სტუმრებს 9 დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ როგორც დღის კონცერტს, ასევე საღამოს ამფითეატრის სცენიდან მოუსმინონ ბეთჰოვენის, შოპენის, ბრამსისა და ჩაიკოვსკის კომპოზიციებს.
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ წლებთან ერთად უფრო მარტივდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოწვევა წინანდლის ფესტივალზე.
„მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ვარსკვლავები ბევრად უფრო ადვილად და სიამოვნებით მოდიან და გვიერთდებიან. წლევანდელი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გვაქვს. წინანდლისგან გვაქვს სამშვიდობო გზავნილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ამას აკეთებს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომლის შემადგენლობაშიც 7 ქვეყნიდან ჩამოსული ამომავალი ვარსკვლავები არიან”, – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
„აქ შესანიშნავი მუსიკაა და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ შეკრებილნი ვართ ისეთ ადგილას, სადაც მუსიკა გვაერთიანებს და გვამეგობრებს. მე ისრაელიდან ვარ. ვიცით, რა ხდება უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ, მოხარულნი ვართ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ აქ წინანდალში ხალხს მუსიკა აერთიანებს. მუსიკა, რაც მოვისმინეთ ფანტასტიკური იყო”, – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ავი შოშანიმ.
წინანდლის ფესტივალის პარალელურად წინანდლის მამულში გაიხსნა აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გამოფენა, რომლის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია მხატვრის ათამდე ნამუშევარი. ექსპოზიცია წინანდლის მამულში ნოემბრამდე გაგრძელდება.
მესამე დღეს ფესტივალს შეუერთდა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრიც, რომელმაც ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებები დირიჟორ კლაუდიო ვანდელის ხელმძღვანელობით შეასრულა.
ფესტივალის მეოთხე დღეს ამფითეატრის სცენაზე პირველად წარდგება სოპრანო ხენ რეისი, რომელმაც წინა დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა. მასთან ერთად სცენაზე კვლავ დაბრუნდება მაესტრო ნოზედა, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი და ასევე მევიოლინე ჯოშუა ბელი. ისინი ჰენრიკ ვენიავსკის სავიოლინო კონცერტსა და გუსტავ მალერის სიმფონიას შეასრულებენ.