მთავარისაქართველოთბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენცია „გარდამტეხი წელი“ დასრულებულია

თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენცია „გარდამტეხი წელი“ დასრულებულია

3 სექტემბერს თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგის ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, დემოკრატიის ავტორიტარიზმთან ბრძოლა და საინფორმაციო/კიბერომებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხებიც იყო. თბილისში ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა პოლიტიკოსებმა, ყოფილმა და მოქმედმა დიპლომატებმა და ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად პანელური დისკუსიების ფარგლებში სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საინფორმაციო ომი დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თქვეს ისიც, რომ ჰიბრიდული ომი, რომელსაც კრემლი საქართველოს წინააღმდეგ წლებია აწარმოებს, იმდენად კარგად მუშაობს, რომ საქართველო ამგვარი პროპაგანდის წარმატების მაგალითადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ სავარაუდო შედეგებზეც, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას.

„ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მარცხი ვნახეთ. ის არაერთი თვალსაზრისით არის განსაკუთრებული საფრთხე დემოკრატიისთვის და უჩვეულო კანდიდატია შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის. ტრამპი არ წარმოადგენს ტრადიციულ რესპუბლიკურ პარტიას. მან გარკვეულწილად საკუთარი მოძრაობა შექმნა და ამ მოძრაობის ბევრ ასპექტს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, გარკვეული შედეგები ექნება. შტატების მოსახლეობისთვის ეს შედეგები შეიძლება ამგვარი იყოს: აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერება, ქალების რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გაღრმავება, შემოსულ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესება, რაც ამერიკელებისთვის ფასებს გაზრდის, მილიონობით იმიგრანტის დეპორტაცია და სხვა არაერთი პრობლემური გადაწყვეტილება. ტრამპის პრეზიდენტობისას ვნახეთ ისიც, თუ როგორია მისის საგარეო საქმეთა პოლიტიკა. მას ძალიან მოსწონს დიქტატორები. მაგალითად, პუტინი ან კიმ ჩენ ინი. მას ნატოდან ამერიკული ინვესტიციის ჩამოშორება სურდა. ტრამპს არ აინტერესებს უკრაინის მხარდაჭერაც. ასე რომ, მის კიდევ ერთი ვადით არჩევას ევროპისა და რეგიონისთვის ძალიან სერიოზული შედეგების მოტანა შეუძლია“, – განაცხადა ლორა თორნტომა, „მაკკეინის უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა.

თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენცია 11 პანელურ დისკუსიას მოიცავდა. მათ შორის იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს თანამედროვე გლობალურ კონტექსტში, უკრაინის გამარჯვების პერსპექტივები ომში, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, არჩევნები ევროპაში. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და ნატოს მომავალზეც, მათი გაფართოების პერსპექტივებზე, ასევე ჩინეთზე, როგორც გამოწვევაზე. ცხადია, დღის წესრიგის ნაწილი იყო საქართველოში არსებული ვითარებაც – სადავო კანონი და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. კონფერენციის მონაწილეებმა არაერთხელ ახსენეს გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებული კონსპირაციაც და თქვეს, რომ თუ ასეთი რამ არსებობს, მას სათავეში არა დასავლეთი, არამედ კრემლი უდგას.

„არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა. არავის სურს ე.წ „მეორე ფრონტის“ გახსნა. საუბრები იმაზე, თითქოს არსებობს ე.წ „გლობალური ომის პარტია“, შეიძლება გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან მისი ლიდერი ვლადიმერ პუტინია. ის არის ადამიანი, რომელიც იწყებს საომარ მოქმედებებს. ყველას ესმის, რომ საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ თუ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები ერთობლივად ვეხმარებით უკრაინას და ქვეყანა აღწევს წარმატებას, წნეხი საქართველოზე მცირდება და ყველა პრობლემა მარტივდება. მნიშვნელოვანია, პუტინიზმი დამარცხდეს და რუს მოსახლეობასაც გავაგებინოთ, რომ პუტინიზმი დასამარცხებელია. არ ვთხოვთ საქართველოს, დაეხმაროს უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ჩვენ ვთხოვთ მას ნუ აღმოჩნდება რუსულ ბანაკში, რომელიც შესაძლოა დამარცხებისთვისაა განწირული“, – აღნიშნა დენიელ ფრიდმა, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა.

„კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ რეესტრში რეგისტრაციის ვადის ამოწურვას ემთხვევა. რამდენადაც მე მესმის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უმეტესობა შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. კითხვა შემდეგია: რას იზამს საქართველოს ხელისუფლება ამგვარ ვითარებაში. სამწუხაროდ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას შესაბამისად უპასუხებს. ვიმედოვნებ, რომ ისინი არ გამოიყენებენ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს. ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები დამატებით ზომებს მიიღებს და ეს ზომები მიმართული იქნება ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც შექმნილ ვითარებაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა დევიდ კრამერმა, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

წელს თბილისის კონფერენციის სახელწოდებად „გარდამტეხი წელი“ აირჩა. მისი მიზანი საქართველოს ტრანსატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში დარჩენა და ამასთან, ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის მიმართ სწრაფვის მხარდაჭერა იყო. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც „მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა” და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა, გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიის მომავლის შესახებ კრიტიკული დისკუსიების ფორუმია და თბილისში 2015 წლიდან ტარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend