ფილმი „განცალკევებულები“ მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე ერთმანეთს დაშორებულ შვილებსა და მშობლებზე მოგვითხრობს.
ამ დოკუმენტური ჟანრის ფილმის გადაღებისას რეჟისორ ეროლი მორისის თქმით, ძალიან დიდ სირთულეებს შეეჩეხნენ.
ფილმი „განცალკევებულები“ ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიკობ სობოროფის, ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული.
„გადაღების პროცესი მოსალოდნელზე რთული გამოდგა, რადგან რეალური გმირების უმეტესობამ ინტერვიუებზე უარი გვითხრა, ხოლო ჩვენი ფილმი უმეტესად მთავარი გმირების ინტერვიუებზეა აგებული“, – ამბობს ეროლ მორისი, რეჟისორი.
მან გამოარჩია მეთაური ჯონათან უაიტი, რომელიც რეჟისორს ბავშვთა პროგრამების ზედამხედველებსა და ლტოლვილთა განსახლების ოფისთან დაკავშირებაში დაეხმარა.
მორისის თქმით, კანონმდებლობა, რომელიც თავიდან აიცილებს მომავალში ოჯახების განცალკევებას, ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
„როცა იაკობ სობოროფის წიგნი „განცალკევებულები“ წავიკითხე, მე და ავტორი ვსაუბრობდით, თუ ვის შეიძლებოდა, ამ წიგნის ეკრანიზაცია გადაეღო. იაკობს კი საკუთარი თავი შევთავაზე, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე დონალდ ტრამპმა ეს სისტემა შეგნებულად შექმნა, რათა ბავშვები ოჯახებთან არ გაერთიანდნენ. სწორედ ეს არის, რაც მას საზიზღარ ადამიანად და პოლიტიკოსად აქცევს. ტრამპის ადმინისტრაცია ხალხს უბრალოდ დასცინის“, – ამბობს ეროლ მორისი, რეჟისორი.
დოკუმენტური ფილმი აერთიანებს პროგრამაში ჩართულ ხალხთან ინტერვიუებს, ასევე მარტოხელა დედისა და შვილის ისტორიას, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართებიან უსაფრთხო ცხოვრების საპოვნელად.
„კონგრესი შეერთებულ შტატებში ნამდვილად დისფუნქციური ორგანიზაციაა. ისინი ახლოს იყვნენ საიმიგრაციო რეფორმის გატარებასთან. მათ ჰქონდათ შეთანხმება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებთან. თუმცა შემდეგ ტრამპმა იპოვა გზა მთელი რიგი გარიგებების ჩასაშლელად“, – ამბობს ეროლ მორისი, რეჟისორი.
ფილმს საერთაშორისო კინოპლატფორმებზე დადებითი გამოხმაურება აქვს.