„საქართველოს მომავალი ევროპაშია, ევროინტეგრაციის გზაზე მისაღები გადაწყვეტილებები კი ქართველი ხალხის ხელშია“ – ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ორი დღის განმავლობაში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე უცხოელი დიპლომატებისგან ყველაზე ხშირად ისმოდა. პანელური დისკუსიები, სადაც საქართველოს შიდაპოლიტიკური და საგარეო გამოწვევები განიხილებოდა, დიპლომატების მხრიდან ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის ღიაა. პარტნიორების შეფასებით, გაწევრებისთვის მხოლოდ ეს არაა საკმარისი და საჭიროა, საქართველოს პოლიტიკურმა მმართველობამ შეასრულოს დათქმები ვალდებულებების შესაბამისად.
„დემოკრატიის პირობებში ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია. ამიტომ, მრავალი მიზეზის გამო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კენჭისყრა ოფიციალური სახით არაა რეფერენდუმად გამოცხადებული ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად, თუმცა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ექსპერტი დააკვირდება, არავის აქვს უფლება რაიმე გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, განურჩევლად იმისა, ეს დასავლური მხრიდან იქნება თუ სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს. როგორც ვიცით, ქართველი ხალხის უმრავლესობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მომხრეა. ეს არის მათი ნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, ეუბნება თუ არა საკუთარი ხელისუფლება მათ სიმართლეს. მთავარი კითხვაა: აკეთებს თუ არა პოლიტიკური მმართველობა ყველაფერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის? ვფიქრობ, გაწევრების პროცესი, რომელიც შეჩერებულია, არაა ჩვეულებრივი რამით გამოწვეული. ზოგჯერ, შესაძლოა კრიტიკულები ვიყოთ ევროპული ქვეყნების ლიდერებისადმი, რომლებიც მხარს არ უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველო გამონაკლისია და ის აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში. ყველაფერი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის წევრმა რადოსლავ ფოგიელმა.
„საქართველოს მომავალი არჩევნების ერთგვარი რეფერენდუმია – ქართველ ხალხს რომელი გზის არჩევა უნდა, დასავლეთი თუ რუსეთი? უნდა გავიხსენოთ ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირი აირჩიეს. შეხედეთ პოლონეთს, ჩეხეთს, ლიეტუვასა და ლატვიას. ეს ქვეყნები ვითარდებიან ევროკავშირის ოჯახთან ერთად. მე კი, ვიმედოვნებ, რომ საქართველოც ამ გზას აირჩევს და ევროკავშირს ზურგს არ აქცევს“, – განაცხადა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა ტობიას ელვუდმა.
ყოფილი და მოქმედი ევროპარლამენტარები, ევროპის საგარეო უწყებების წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები თანხმდებიან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გახდა. ქვეყანამ, რომელმაც 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თითქმის 7 თვეში მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. წლების განმავლობაში „ასოცირებული ტრიოს“ წევრი სახელმწიფოების ლიდერი საქართველო ახლა ბოლო პოზიციაზეა მოქცეული. მასთან ერთად მყოფი უკრაინა და მოლდოვა კი მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ და ევროპულ გზაზე თბილისს ერთი, დროისა და პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯით უსწრებენ. ხალხმრავალი პროტესტისა და კონსტიტუციაში, 78-ე მუხლის სახით, მკაფიო ჩანაწერის არსებობის მიუხედავად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაურკვეველი ვადითაა გაყინული.
„ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთ რამეს – საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდება, მაშინ წამოიწევა ახალი საკითხი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. მაინც ვფიქრობ, არ იქნება სწორი, თუ ეს შეზღუდვები შეეხება ვიზალიბერალიზაციას, რაც პირდაპირ აისახება რიგით მოქალაქეებზე. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გამო უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებსაც ევროპულ სახელმწიფოებში მოგზაურობა სურთ. ამიტომ, თუ დადგება ვინმეს წინააღმდეგ სანქციების დაწესება, სწორად მიმაჩნია, ისინი ამოქმედდეს გადაწყვეტილებების მიმღები კონკრეტული პირების მიმართ“, – განაცხადა იან ბონდიმ, ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორმა.
ევროკავშირში გაწევრების მიზანი საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაისახა, ისევე როგორც ნატოს ალიანსის წევრობა, რომელიც კრემლის აგრესიის პირისპირ დარჩენილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვისაა მნიშვნელოვანი. მიუხედავად წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმის გატარებისა, საქართველოში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის უცხოელი სპიკერების მხრიდან. პარტნიორები პატივისცემას გამოხატავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი, გაერთიანდნენ ევროსტრუქტურებში და იმედოვნებენ, რომ სწორი და თავისუფალი არჩევანი საქართველოს ევროკავშირის კიდევ ერთ ღირსეულ წევრად აქცევს.