მთავარიაზიამონღოლეთიმონღოლეთში არ დააპატიმრეს ვლადიმერ პუტინი

მონღოლეთში არ დააპატიმრეს ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება.

ქვეყნის მეთაურმა უხნაგიინ ხურელსუხმა ვლადიმერ პუტინი დედაქალაქ ულან-ბატორში საზეიმო ცერემონიაზე მიიღო.

როგორც ორივე ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რუსეთსა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა, რაც არაერთ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. ვლადიმერ პუტინმა უხნაგიინ ხურელსუხი ოქტომბერში რუსეთში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზეც მიიწვია.

„ჩვენთვის მონღოლეთთან ურთიერთობა აზიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორისაა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტის დროს მონღოლ კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად ზედმიწევნით განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს რუსეთსა და მონღოლეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში, 3 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Vyacheslav Prokofyev, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

„სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობები ტრადიციულად მეგობრულია და დროთა განმავლობაში განვაგრძობთ თანამშრომლობის გაღრმავებას. ახლა ჩვენმა ურთიერთობამ ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია.

მე ასევე მჯერა, ძვირფასო პრეზიდენტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, რომ თქვენი ვიზიტი უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი კეთილგანწყობილი, მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში. კერძოდ, თქვენი სტუმრობა დამატებით ბიძგს მისცემს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, განსაკუთრებით საწვავისა და ენერგეტიკის სფეროში, საგზაო ტრანსპორტის ლოჯისტიკაში, გარემოს დაცვაში… ისევე როგორც კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა ჰუმანიტარულ სექტორებში“, – განაცხადა მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნაგიინ ხურელსუხმა.

მონღოლეთი რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ.

თუმცა აშკარაა, რომ მასპინძელი ქვეყანა არ აპირებს, დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს, დააპატიმროს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის გამო.

ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მაც, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი პუტინის დაკავებაზე საერთოდ არ ღელავს.

ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად ულან-ბატორში რამდენიმე მცირე აქციაც მოეწყო. ადგილობრივმა პოლიციამ ტერიტორიას განარიდა რამდენიმე მომიტინგე, რომლებიც დახვედრის ცერემონიის დაწყებამდე ცენტრალურ მოედანთან უკრაინის დროშის გაშლას ცდილობდა.

თუმცა ამავდროულად, მონღოლეთის მოქალაქეების ნაწილი ვლადიმერ პუტინის სტუმრობას მიესალმება და მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მიზანშეწონილი არ არის.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პუტინის ვიზიტს მონღოლეთში. იმედგაცრუებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც გაუგონარ ბარბაროსულ ოპერაციაზეა პასუხისმგებელი, მონღოლეთში იმყოფება“, – ამბობს ულან-ბატორის ყოფილი მერი ბატ-ულ ერდენე.

„მონღოლეთში ვაფასებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და პატივს ვცემ ჩვენი 3 თუ 4 მილიონი მოსახლის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებ პუტინის ვიზიტს, იგი ამცირებს და არცხვენს მონღოლეთს მსოფლიოს წინაშე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მაგრამ თუ გადავხედავთ მეგობრული საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახელმწიფოს მეთაური დაეპატიმრებინოთ. ვფიქრობ, დაკავება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიზანშეწონილი“, – ამბობს სტუდენტი.

მიუხედავად უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის იზოლაციისა, ომის დაწყებიდან ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით არაერთ ქვეყანას ეწვია, მათ შორისაა: ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი და ჩინეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend