მესამე დღეა, წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, 2 სექტემბერს, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და პიანისტი ბრუს ლიუ, მათ კი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი უხელმძღვანელებს. ისინი ფრედერიკ შოპენისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებენ. ფესტივალის მეექვსე სეზონი შაბათს, 31 აგვისტოს, გახსნა პანკავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდთან ერთად, რომელსაც ლეგენდარული ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობდა. მათ ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი” შეასრულეს.
„აუდიტორია ძალიან მგრძნობიარე, კონცერტის ძალიან აქტიური მონაწილე იყო. ორკესტრმა კი შესანიშნავად დაუკრა. შესანიშნავი იყვნენ სოლისტებიც. გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. ასე რომ, ვფიქრობ, ჯუზეპე ვერდი დღეს ძალიან ბედნიერი იქნებოდა”, – ამბობს მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.
ორკესტრსა და გუნდთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგნენ ვირტუოზი სოლისტები ერიკა გრიმალდი და ჩარლზ კასტრონოვო.
„ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ეს ძალიან მახარებს. ახლა ენერგიითა და ემოციებით ვარ სავსე. იმედი მაქვს, აქ მალე დავბრუნდები და კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს”, – ამბობს სოპრანო ერიკა გრიმალდი.
„ძალიან კარგი შესრულება იყო. ჩვენ ერთადერთი რეპეტიცია გვქონდა, მხოლოდ ერთი ერთი დღე. კარგი იქნება, თუ ამ კონცერტს სამჯერ ან ოთხჯერ შევასრულებთ, რომ ყველა უფრო მშვიდად იყოს. თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. აუდიტორია შესანიშნავი იყო. მათგან სითბო მოდიოდა. ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო”, – ამბობს ტენორი ჩარლზ კასტრონოვო.