უკრაინის არმიამ დრონებით მასიურად შეუტია რუსეთის ფედერაციას. ფაქტს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სიტყვიანი განცხადებაც. კრემლის ძალოვანი უწყება ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონების სამიზნეს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის 13 ოლქი და მათ შორის, მოსკოვიც. ყველაზე აქტიური იერიში კურსკის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ბელგოროდის ოლქებში დასახელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები კვლავ გრძელდება, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უწყება თავს იკავებს.
„გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კიევის მხრიდან შეტევის მცდელობის დროს უკრაინის 158 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. კურსკის ოლქში – 46 დრონი, ბრიანსკის ოლქში -34, ვორონეჟის ოლქში – 28, ბელგოროდის ოლქში – 14, მოსკოვში ორი და მოსკოვის ოლქში კი შვიდი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რუსეთში დრონებით შეტევას წინ უძღოდა კიევში გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ წარმატებით გამოცადა ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტა. ასევე უკვე ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინული რაკეტა-დრონის, „პალიანიცას“, საბრძოლო მოქმედებების დროს გამოყენების ფაქტი. სანამ ოფიციალური კიევი პარტნიორებისგან კვლავ თანხმობას ელოდება დასავლური იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს, რომ ომის დასრულება შორ მანძილზე იერიშებზეა დამოკიდებული.
„ჩვენ საბრძოლო მოქმედებები უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ტერიტორიაზე, საიდანაც ომი უკრაინაში შემოიტანეს და არა მხოლოდ მოსაზღვრე რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო ობიექტი მოექცეს ჩვენი შეიარაღების დაფარვის ზონაში. დღეს ამას ჩვენი დრონები უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ კუთხით მუშაობს, ვინც პარტნიორებს არწმუნებს, რომ შორ მანძილზე იერიში ამ ომის დასრულების გასაღებია. ჩვენი დრონებითა და რაკეტებით შეგვიძლია ნაწილობრივ შევასრულოთ ეს ამოცანა. თუმცა რეალურად რომ დასრულდეს ომი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დრონებით იერიშის პარალელურად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კურსკის ოლქში. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დასახლება კორენევოს შეუტიეს. რამდენიმე შეიარაღებული დაპირისპირება იყო ქალაქ სუჯას ფლანგზეც. ტელეკამერებთან გამოჩნდა ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ამ მოქმედებებმა ვერ შეაჩერა დონეცკის ოლქში კრემლის იერიშები. თუმცა აქვე სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზეც ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროვოკაცია ჩავარდება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის შემდეგ არა მხოლოდ სურვილი იქნება, არამედ საქმით დამტკიცდება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დავიწყოთ და გადავჭრათ პრობლემები. ჩვენ არასდროს უარვყოფდით ამას. მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავუსწორდეთ იმ ბანდიტებს, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა კურსკის ოლქში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ქვეყანა კვლავ რუსული რაკეტების საფრთხის ქვეშაა. ერთ დღეში 71 ავიადარტყმა მიაყენა მოსკოვმა უკრაინას. ასევე კვლავ ძალიან აქტიურია დონეცკის ფლანგი, სადაც მის ცენტრალურ პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 63 რუსული იერიში მოიგერიეს.