თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე დასრულდა. წლევანდელი კონფერენციის სახელწოდებაა „გარდამტეხი წელი“, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით, ისე საგარეო გამოწვევების მიმართულებით.
ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში საერთაშორისო დიპლომატებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქმედმა თუ ყოფილმა ელჩებმა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა და ევროპარლამენტის წევრებმა განიხილეს, იყო უკრაინის საკითხი და კრემლის ფართომასშტაბიანი ომი კიევის წინააღმდეგ. პანელური დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან მთავარ საკითხზე – უკრაინის დახმარებაზე. მათი საერთო გზავნილი ერთი და მკაფიოა – ვლადიმერ პუტინის წარმოებული ომი, რომელიც მესამე წელია მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს კიევის გამარჯვებით, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად, ევროპელი და ამერიკელი კოალიციების ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო, ქმედითი და დროული.
დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებისა და მეტად გაზრდის აუცილებლობას. მათი შეფასებით, კრემლის ქმედებები უხეშად არღვევს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო დასავლეთის საპასუხო ქმედებებით შესაძლებელი იქნება რუსული აგრესიის შეჩერება და როგორც ევროპაში, ისე გლობალურად მშვიდობის უზრუნველყოფა. საერთაშორისო დიპლომატები არა მხოლოდ საჭირო შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ, არამედ ხაზს უსვამენ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინამ რუსულ ტერიტორიაზე შორეულ მანძილზე დარტყმისთვის გამოიყენოს. სწორედ ეს არის კიევის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის დაწყების დღიდან და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მათ შორის ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრისას.
„ამ ომში უკრაინის გამარჯვება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რუსების შესაჩერებლად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ უკრაინა დამარცხდება, რუსული აგრესია მეტად საფრთხისშემცველი გახდება მთელს ევროპასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში. ცხადია, ეს საფრთხე გავრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კიევი ყველა საჭირო შეიარაღებით და მივცეთ მათ საშუალება, გამოიყენონ ეს შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. როგორც პანელურ დისკუსიაზე ვახსენეთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიზანია, უკრაინამ სასურველ შედეგს მიაღწიოს. ამისათვის უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და კიევურ მხარეს გადაეცეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, მეტი ავიაგამანადგურებელი F-16-ის სახით, ასევე შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს იერიშების მიტანა რუსეთის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებზე, როგორებიცაა: სამხედრო სამეთაურო ცენტრები, იარაღის ლოჯისტიკური კვანძები, ნავთობის რეზერვუარები და იარაღის საწყობები. ეს ჩვენც და ევროპელებმაც ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა.
„ფრონტზე ამჟამად არსებული სიტუაცია პრობლემურია, რადგან კურსკის სახმელეთო ოპერაციის თავდაპირველი ტემპი ახლა ბევრად შენელებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა, პირველ რიგში, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან უნდა უკუვაგდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ორი აუცილებელი რამ უნდა გავაკეთოთ, გავზარდოთ ქვეყნის შეიარაღება და მივცეთ უკრაინას უფლება გამოიყენოს ის, როგორც მას სურს“, – მედიასთან საუბარში თქვა ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ.
„ეს ომი არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ, როგორც ერს, არ გვაქვს არსებობის უფლება. საერთაშორისო კანონი ვერ აჩერებს რუსეთს. მათი ერთადერთი შემაჩერებელი არის იარაღი. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ რუსეთს მეტი შეიარაღება აქვს, ვიდრე უკრაინას. როდესაც მოსკოვმა ომი გამოუცხადა უკრაინას, ამ ქმედებით ის დაუპირისპირდა საერთაშორისო წესრიგს. თუ დემოკრატიას გამარჯვება სურს, პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის იარაღით მომარაგება. ამ ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია სწორად, დროულად, რათა შევძლოთ რუსული საოკუპაციო ჯარების უკუგდება ჩვენი ტერიტორიიდან“, – განაცხადა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთმა სპიკერმა, ორგანიზაცია ANTAC-ის ჟურნალისტმა დარია კალენიუკმა.
„რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების შედეგი არ აისახება მხოლოდ უკრაინაზე. პირველ რიგში, ის აისახება ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტზე. ასევე შედეგები გასცდება უკრაინის საზღვრებს და დადებითად იმოქმედებს საქართველოზე, მოლდოვასა და საბოლოო ჯამში მთელი მსოფლიოს დღის წესრიგზე. თუ ჩვენ დავუშვებთ პუტინის, ანუ ავტოკრატიული რეჟიმის გამარჯვებას, ეს დამღუპველი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლურმა ალიანსებმა გავაგრძელოთ უკრაინის ერთობლივი მხარდაჭერა, საჭირო შეიარაღებით მომარაგება, მივცეთ მათ თავდაცვის საშუალება და მტკიცედ ვიდგეთ მათ გვერდით. გზავნილი მკაფიოა – დაუშვებელია, შეიჭრა თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ე.წ „მეორე ფრონტისა“ და ე.წ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ არსებულ ცნობებს. მედიასთან საუბრისას დიპლომატები განმარტავენ, რომ საქართველოს არავინ სთხოვს, უკრაინას მხარდაჭერა სამხედრო გზით გამოუცხადოს, ან მოსკოვთან ომში ჩაებას, თუმცა ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართული ხელისუფლების სწორ საგარეო კურსს.
„პირველ რიგში, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა. არავის სურს ე.წ „მეორე ფრონტის“ გახსნა. საუბრები იმაზე, თითქოს არსებობს ე.წ „გლობალური ომის პარტია“, შეიძლება გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან მისი ლიდერი ვლადიმერ პუტინია. ის არის ადამიანი, რომელიც იწყებს საომარ მოქმედებებს. ყველას ესმის, რომ საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ თუ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები ერთობლივად ვეხმარებით უკრაინას და ქვეყანა აღწევს წარმატებას, წნეხი საქართველოზე მცირდება და ყველა პრობლემა მარტივდება. მნიშვნელოვანია, პუტინიზმი დამარცხდეს და რუს მოსახლეობასაც გავაგებინოთ, რომ პუტინიზმი დასამარცხებელია. არ ვთხოვთ საქართველოს, დაეხმაროს უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ჩვენ ვთხოვთ მას ნუ აღმოჩნდება რუსულ ბანაკში, რომელიც დამარცხებისთვისაა განწირული“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა დენ ფრიდმა.
უკრაინის ომი და საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხები იყო თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღის პანელური დისკუსიების ფოკუსში. უკვე ხვალ, 3 სექტემბერს, კონფერენცია სხვა მნიშვნელოვანი თემებით გაგრძელდება. ეს თემებიც საყურადღებოა საქართველოსა და უკრაინის მომავლისთვის, რადგან ეხება ევროკავშირის გაფართოებასა და ნატოს მომავალს. სწორედ ამ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს ორივე ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.