ხანგრძლივი და მრავალათასიანი პროტესტის ფონზე მიღებული კანონის აღსრულება საქართველოში დაწყებულია. სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის 2024 წლის 2 სექტემბერი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ბოლო ვადაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დიდი ნაწილი ამ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს ამბობს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი თავის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოხსენიება ღირსების შემლახავია.
„ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში – შესაბამისად, ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნებზე დაკვირვება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარტნიორებთან ერთად. ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს. ერთი პროცენტიც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ რუსული კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
50-დღიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე მიღებული კანონის აღსრულება 2024 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო. სწორედ ამ დღეს შეიქმნა რეესტრი, სადაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოში ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო საკითხებზე, ინსტიტუციების გამჭვირვალობაზე, განათლებასა თუ სხვა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მათი პერსონალური მონაცემების ნაწილი უნდა გასაჯაროვდეს. სწორედ ამ ბრძანების შეცვლის თხოვნით მიმართა დღეს სახალხო დამცველმა მინისტრ რატი ბრეგაძეს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემების გამოქვეყნება გაუმართლებელი და ზიანის მომტანია.
30 აგვისტოს მდგომარეობით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში სამოქალაქო ორგანიზაციების დაახლოებით 1 პროცენტი დარეგისტრირდა. ყველა სხვა ამაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე 25 000 ლარით დაჯარიმდებიან.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის ხელახლა ინიციირებიდან დღემდე ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. დასავლელი ლიდერები თუ დიპლომატები, არაერთხელ აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება და ამოქმედება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.
თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე, მყოფმა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა სადავო კანონს მთავარი შეცდომა და უკანგადადგმული ნაბიჯი უწოდა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევით არ ხდება.
„გასულ წელს საქართველოს ევროკავშირმა მანიჭა ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა იყო ძლიერი მხარდაჭერა რუსეთიდან. ჩემი შეხედულებით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის მთავარი შეცდომა და უკანგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ჩვენ ყველა ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე ვთვლი, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა და მიზანმიმართულად ხდება“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონზე ქვეყანაში სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა, სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელებით მიმართეს სადავო კანონის ჯერ შეჩერების, შემდეგ კი საბოლოოდ გაუქმების მოთხოვნით. საკონსტიტუციო განხილვები სამ დღეს გაგრძელდა. ახლა ქვეყნის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესმა შტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეაჩერებს თუ არა კანონის აღსრულებას, ან გააუქმებს თუ არა მას, კანონის, რომელსაც თვეების განმავლობაში ათასობით მოქალაქე ეწინააღმდეგებოდა.