ეს ჩარლია, 4-ტონიანი აფრიკული სპილო, რომელიც სამხრეთ აფრიკის დედაქალაქის ზოოპარკში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 2020 წელს მისი პარტნიორი ლანდა მოკვდა, ჩარლი ხშირად მოწყენილია. ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, 42 წლის სპილო ისეთ ნაკრძალში გადაეყვანათ, სადაც ის ახალი მეგობრების შეძენას შეძლებდა.
ჩარლის ნაკრძალში გადაყვანისთვის კი სამხრეთ აფრიკაში ეგვიპტელი სპეციალისტი ამირ ხალილი და მისი გუნდი ჩავიდა. როგორც ვეტერინარი ამბობს, ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ჩარლი ნაკრძალში მშვიდად ცხოვრებას იმსახურებს.
„ჩარლის ძალიან გრძელი რეზიუმე აქვს. ის ზიმბაბვეში დაიბადა. სპილო ვოლიერში გადასაყვანად დაიჭირეს. ამის შემდეგ ის სამხრეთ აფრიკაში ცირკში წაიყვანეს. ცირკში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ კი, ის პრეტორიის ზოოპარკში სხვა სპილოებთან ერთად მოხვდა. ზოოპარკში ყოფნის პერიოდში კი, მან პარტნიორი დაკარგა და მარტოხელა სპილო გახდა“, – ამბობს Four Paws-ს ვეტერინარი ამირ ხალილი.
სპილოს ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაყვანის პროცესი საკმაოდ რთულია. ამირ ხალილმა და მისმა ვეტერინართა გუნდმა ჩარლი პირველად ორი წლის წინ მოინახულა. ვეტერინარების გადაწყვეტილებით ცხოველის ასაკიდან გამომდინარე, მას დამამშვიდებელი არ გაუკეთეს. ამიტომ, მათ მოხუცი სპილოს წვრთნის პროცესი დაიწყეს, რომ სპილო სატრანსპორტო კონტეინერში თავის ნებით შესულიყო. ისინი ჩარლის კონტეინერში შესვლას მისი საყვარელი საკვების, გოგრის, პაპაიასა და ჭარხლის მეშვეობით ასწავლიდნენ. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ კონტეინერში შესასვლელად ჩარლის რამდენიმე თვე დასჭირდებოდა, თუმცა საბოლოოდ პროცესს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა. აგვისტოს ბოლოს, ჩარლი პრეტორიის ზოოპარკიდან სატრანსპორტო კონტეინერით შამბალას კერძო ნაკრძალში გადაიყვანეს. ის რამდენიმე კვირა განცალკევებულ ადგილას იცხოვრებს, რომ ახალ გარემოს მიეჩვიოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ახლა სპილოსთვის დამახასიათებელი ქცევები ვასწავლოთ. ის მიჩვეულია ადამიანებზე დამოკიდებულებას ყველაფერზე: საკვებზე, მოვლაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ახლა მან უნდა ისწავლოს, როგორ იყოს სპილო. ეს, მართლაც, წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ არსებობს ურთიერთგაგება არა მხოლოდ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებსა და ცხოველთა უფლებების აქტივისტებს შორის, არამედ სამეცნიერო დონეზეც. სპილოები ჭკვიანი ცხოველები არიან და ჩვენ ისინი გისოსებს მიღმა არ უნდა ჩავკეტოთ“, – ამბობს გადაადგილების ჯგუფის ვეტერინარი მარინა ივანოვა.
მას შემდეგ, რაც ჩარლი ახალ გარემოს მიეჩვევა, მას შეეძლება ნაკრძალში მყოფ სხვა სპილოებს შეუერთდეს.