ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. მომხდარმა ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ პროტესტის მორიგი ტალღა გამოიწვია. გატაცებულების ოჯახის წევრები და ისრაელის საზოგადოება მას ადანაშაულებს, რომ „ჰამასთან” ვერ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება და მძევლების სახლებში უვნებლად დაბრუნება.
ღაზის სექტორში „ცახალის” სამხედრო ოპერაციის შედეგად, ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. პარალელურად გრძელდება პროტესტი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.
ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ექვსივე მძევალი იმ დროს დახოცეს, სანამ მათ დახსნას ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებდნენ. დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს სამხრეთ ღაზის ქალაქ რაფაჰის ერთ-ერთი გვირაბში, რომელიც ერთი კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც გასულ კვირას კიდევ ერთი მძევალი გადაარჩინეს.
მძევლების დაღუპვამ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ პროტესტის მორიგი ტალღა გამოიწვია. მძევლების ოჯახის წევრები, ისევე როგორ ისრაელის საზოგადოება, ისრაელის პრემიერს ადანაშაულებენ „ჰამასთან” შეუთანხმებლობაში.
ნეთანიაჰუს თქმით, მკვლელობები ადასტურებს, რომ „ჰამასს” არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები უკვე თვეებია გრძელდება.