მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში, თიურინგიასა და საქსონიაში, ადგილობრივი არჩევნები გაიმართა

გერმანიაში, თიურინგიასა და საქსონიაში, ადგილობრივი არჩევნები გაიმართა

გერმანიაში, თიურინგიის მხარეში, ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, რის შედეგადაც, 1949 წლის შემდეგ ადგილობრივ პარლამენტში პირველად მოხვდნენ ულტრამემარჯვენეები. კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კი მეორე ადგილზე გავიდა. უმნიშვნელოდ, თუმცა ქრისტიან-დემოკრატები ოდნავ წინ არიან საქსონიაში. წლევანდელ არჩევნებში ორივე მხარეში არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა „მწვანეთა პარტიამ”.

ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თიურინგიის ლიდერმა ბიორნ ჰოკემ კვირას გამართულ არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ისტორიული უწოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია შედის, კენჭისყრაზე მიღებული ხმათა 32 პროცენტით.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი თიურინგიაში ბიორნ ჰოკე ფიქრობს, რომ პირველ რიგში ძველმა პარტიებმა თავმდაბლობა უნდა ისწავლონ და მათ უნდა გაითვალისწინონ თიურინგიის ხალხის ხმა. მისი თქმით, სწორედ ეს აღიზიანებს მოსახლეობას. იგი ასევე დასძენს, რომ მათ ჩატარებული აქვთ გამოკითხვები, რომელთა მიხედვით, თიურინგელთა 88 პროცენტი მხარს უჭერს დემოკრატიას, თუმცა მხოლოდ 45 პროცენტია კმაყოფილი დემოკრატიის ამჟამინდელი მდგომარეობით.

კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება მეორე ადგილზე გავიდა. ასევე ისინი მცირედით წინ არიან საქსონიაში. ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი მაიკლ კრეტშმერი აცხადებს, რომ ისინი მზად იყვნენ მმართველობისთვის.

მაიკლ კრეტშმერი ცოლთან ერთად საარჩევნო უბანზე, დრეზდენი, გერმანია, 1-ელი სექტემბერი, 2024 წელი Copyright Robert Michael/AP Photo

საქსონიის რეგიონის პრემიერი მაიკლ კრეტშმერი აცხადებს, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის გამაერთიანებელი, მათ შეინარჩუნეს ეს კოალიცია და მთავრობა. მისი თქმით, მათ რეგიონში სტაბილურობა მოიტანეს და ახლა ამ შედეგებით მზად არიან კვლავ აიღონ პასუხისმგებლობა.

„მწვანეთა პარტიამ”, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციის ერთ-ერთი წევრია, ორივე მხარეში ცუდი შედეგები აჩვენა. პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ იგი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებით უფროა იმედგაცრუებული, ვიდრე საკუთარი პარტიის ცუდი შედეგებით.

„მწვანეთა პარტიის” ლიდერი ომიდ ნურიპური აცხადებს, რომ მისი გულისტკივილი ამ საღამოს უმნიშვნელოა იმ ფაქტთან შედარებით, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი და ახლა ღიად მემარჯვენე ექსტრემისტული პარტია გახდა ყველაზე ძლიერი ძალა ადგილობრივ პარლამენტში 1949 წლის შემდეგ პირველად. მისი თქმით, ეს აწუხებს და აშინებს ბევრ ადამიანს.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მომავალი წლის არჩევნებისთვის საზოგადოების განწყობის ერთგვარი ბარომეტრია. თუმცა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი შედეგები ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირება რთული იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა პარტიები დათანხმდებიან და კოალიციას შექმნიან პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

ხმის მიცემის პროცესი თიურინგიის საარჩევნო უბანზე, გერმანია, 1-ელი სექტემბერი, 2024 წელი Copyright Martin Schutt/AP Photo

ქრისტიან-დემოკრატთა გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მისი პარტია არ შეიცვლის დიდხნიან პოზიციას და კვლავ უარს იტყვის ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend