ღაზის სექტორის ცენტრალურ რაიონებში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პოლიომიელიტის გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანია ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დეირ ალ-ბალაჰის პროვინციაში 1-ელი სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ვაქცინაციის პროგრამა მიზნად ისახავს 600 000-ზე მეტი ბავშვის ვაქცინაციას ღაზის სექტორის პროვინციებში.
ხან იუნისსა და მის შემოგარენში ვაქცინაცია დაგეგმილია 5-დან 8 სექტემბრის ჩათვლით.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, კამპანიის ორი ეტაპის განმავლობაში ვაქცინაციის დაფარვამ, სულ მცირე, 95% უნდა შეადგინოს, რათა შესაძლებელი გახდეს პოლიომიელიტის გავრცელების პრევენცია. მისი თქმით, ვაქცინაციის წარმატებული კამპანიისთვის საჭირო იქნება ტრანსპორტირებისა და მაცივრების, ასევე ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიომიელიტის ეპიდემია გასულ თვეს გამოაცხადა. რამდენიმე დღის წინ გაეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 10 თვის ბავშვი პოლიომიელიტის ვირუსით დაავადდა. ეს ღაზაში პოლიომიელიტის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ისრაელი ღაზის სექტორში ე.წ. „ჰუმანიტარულ პაუზებს“ დათანხმდა იმ მიზნით, რომ ბავშვები პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.