მთავარისაქართველო„გარდამტეხი წელი” - თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„გარდამტეხი წელი” – თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად აბსურდული და შეურაცხმყოფელია. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია“, – განაცხადა „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე მედიასთან საუბრისას. კონფერენცია სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ ცნობილ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მასპინძლობს. მიზანი საქართველოს ტრანსატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში დარჩენა და ამასთან, ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის მიმართ სწრაფვისა და ტრანსატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერაა. საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ქართველ კოლეგებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების პერსპექტივებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. კონფერენცია მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ორგანიზებით ტარდება. როგორც მათი წარმომადგენლები აღნიშნავენ, წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ დროს იმართება.

„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეწევა – რუსეთია. არ მგონია, მოსკოვში საქართველოს მეგობრები მოიძებნოს. ამის საპირისპიროდ, შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდი დოლარი მიაწოდა, ნამდვილად არის ამ ქვეყნის მეგობარი. ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად ჩემთვის აბსურდი და შეურაცხყოფაა. ეს, სულ მცირე, უზუსტობაა. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. საქართველოს ტერიტორიები ჩვენ მიერ არ არის ოკუპირებული. ამას რუსეთი აკეთებს. ვიმედოვნებ, ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გაფართოებით. ის, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ომში ჩავითრიოთ, სრული აბსურდია. უკანასკნელი რამ, რისი ხილვაც შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ ქვეყანას სურს, ამ ომის გაფართოებაა“, – განაცხადა „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა.

„ჩვენი ორგანიზაცია პუტინიზმისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან კრიტიკულია. ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 99%, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს”, რადგან ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რეჟიმს გააჩნია. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყოველთვის ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი ამ მოწინავე, დასავლური სამყაროს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, შეიკრიბონ და გაცვალონ მოსაზრებები უსაფრთხოების, დემოკრატიისა და თავისუფლების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ. ვფიქრობ, ამ გონიერ ადამიანებთან ერთად გამართული პანელები ამ ყველაფერზე საუბრისთვის კარგი საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია, რომ ეს ხდება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ჩემი აზრით, დემოკრატიისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზზეა და ამჟამად მისი მომავალი ეგზისტენციალური რისკის მდგომარეობაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი გავერთიანდეთ და გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ”, – განაცხადა ლორა თორნტონმა, „მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა.

კონფერენცია 11 პანელურ დისკუსიას მოიცავს. კონფერენციის მონაწილეებმა უკვე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო ცვლილებების პროცესში, არეულობა საერთაშორისო წესრიგში, უკრაინის გამარჯვების პერსპექტივები და არჩევნები ევროპაში. სპიკერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას და ეს გამოწვევა ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. თქვეს ისიც, რომ ახლა ქვეყნისთვის მთავარი ინფორმირებული, გააზრებული არჩევანის გაკეთებაა.

„დღეს გლობალურ კონტექსტში მთავარი დაპირისპირება დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის მიმდინარეობს. საქართველო ამ ბრძოლის ფრონტის ხაზზეა. ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო რუსული სამხედრო აგრესიის პირველი, შემდეგ კი რუსული ტიპის სახელმწიფოს მიტაცებით მსხვერპლი. საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ავტორიტარებისთვის, ბუნებრივია, გამარჯვებად განიხილება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ თემებზე ვისაუბროთ და საქართველო განვიხილოთ არა როგორც ცალკეული ქვეყანა, არამედ როგორც გლობალური კონტექსტის ნაწილი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, გვყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და გავაგრძელოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – აღნიშნა ბათუ ქუთელიამ, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტმა.

„ადამიანებმა არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფება აქვს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 20%-ზე მეტი აძლევს. როგორ იქმნება ამგვარი ვითარება? „ქართული ოცნება“ პროევროატლანტიკური არ არის! ინფორმირებული არჩევანი იმას გულისხმობს, რომ ადამიანებმა იციან, რა მისწრაფებები აქვს პარტიას, რომელსაც ხმას აძლევენ. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, მისი არჩეული პარტია სახელმწიფოს მიიტაცებს, ან რუსეთს მიჰყიდის, თუ რეალურად გააძლიერებს დემოკრატიას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„რუსეთის გავლენის გამო საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება უნიკალური შემთხვევა არ არის. რუსეთი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, ის ცდილობს საბოტაჟსა და ევროპის პოლიტიკაში უხეშად ჩარევას. და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინაში ომს აწარმოებს. მთავარია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, არ არიან დავიწყებულები და ის, რაც საქართველოში ხდება, გაცილებით დიდი ამბის ნაწილია“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა დენ ფრიდმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიის მომავლის შესახებ კრიტიკული დისკუსიების ფორუმია. კონფერენცია წელს უკვე მერვედ ტარდება და საერთაშორისო და რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ბიზნესსაზოგადოებას აერთიანებს. კონფერენციის მეორე დღეს, 3 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეები ევროკავშირისა და ნატოს მომავალზე, ჩინეთზე, როგორც გამოწვევაზე, საინფორმაციო ომზე, დემოკრატიის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე ისაუბრებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend