აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 125-დან 68 მანდატის მოპოვება მოახერხა. პარტია ქვეყანას 1995 წლიდან მართავს და მას თავდაპირველად ჰეიდარ ალიევი, ხოლო ახლა მისი შვილი, ილჰამ ალიევი, ხელმძღვანელობს. დამატებით კიდევ ათმა პარტიამ ჯამურად 13 მანდატის მოპოვება მოახერხა.
2024 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 37.27% შეადგინა, რაც საგრძნობლად მცირეა 2020 და 2015 წლის აქტივობებთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი შესაბამისად 47 და 56 პროცენტი იყო. ოფიციალურად აზერბაიჯანში 6 421 960 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა მათგან უბნებზე მხოლოდ 2 196 771 ამომრჩეველი გამოცხადდა.
„წინასწარი მონაცემებით, 81 მანდატიდან უმრავლესობას, 68 მანდატს, პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღებს. პარლამენტში სულ 11 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და აქედან 10 პარტია 13 მანდატს გაინაწილებს. აგრეთვე, წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 37.27% შეადგინა“, – აცხადებს როვზატ გასიმოვი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
საპარლამენტო არჩევნები პირველ სექტემბერს ჩატარდა. ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდა. თავდაპირველად, არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პარლამენტის დაშლის გამო ის სექტემბერში გადმოიტანეს. ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაც შეინარჩუნა.