მთავარისაქართველო„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები შევა

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები შევა

„ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიიღეს.

კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდადებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდადებული პირის მიერ.

ამნისტიის პროექტი 220/1 მუხლს (გულგრილობა) შეეხება. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდადებული პირები სრულად გათავისუფლდებიან. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თუ რა პრინციპით შეეხება ამნისტია აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილს, ეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაწყდება.

პროექტით სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდადებული პირები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება. ასევე დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის მსჯავრდადებული და ბრალდებული პირები.

შემდეგი ცვლილება ნარკოტიკულ დანაშაულს შეეხება. კერძოდ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.

დაზარებულის თანხმობით სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილითა და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend