მთავარიკულტურაწინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს იწყება. ფესტივალის მეექვსე სეზონი 9 დღეს გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში მსმენელის წინაშე 17 კონცერტი გაიმართება, სცენაზე ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები წარდგებიან. დღეს ფესტივალს პანკავკასიური ორკესტრი გახსნის, რომელსაც ცნობილი იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს. მათთან ერთად მსმენელის წინაშე სცენაზე გამოვა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და სოპრანო ერიკა გრიმალდი.

წინანდლის ფესტივალთან დაკავშირებით დღეს 31 აგვისტოს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის დამფუძნებლებმა, ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს.

წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორის თქმით, ფესტივალზე  ბევრ სტუმარს ელიან სხვადასხვა ქვეყნიდან, კვირის განმავლობაში კი ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ამ კვირის განმავლობაში, იქნება ძალიან ბევრი ღონისძიება, არამარტო საფესტივალო… სპეციალურად ჩვენი სტუმრებისთვის მოვიპატიჟეთ რამდენიმე ახალგაზრდა მუსიკოსი, ჩვენი ფესტივალის კონცერტების შემდეგ  წარმოდგენილი იქნება დამატებითი მუსიკალური აქტივობებიც.  ნაწარმოებებს შეასრულებენ პანკავკასიური ორკესტრის ახალგაზრდები და ასევე სხვადასხვა ჯაზ-შემსრულებლები, ასევე გვყავს სუხიშვილები,  ჩვენ ყოველ წელს ვეპატიჟებით მათ ანსამბლს რათა გავაცნოთ ჩვენი ეროვნული კულტურა და ღირებულებები ჩვენს სტუმრებს“, – განაცხადა, წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ.

სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა კი განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ მაღალი ხარისხის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განვითარებაზე.

„ბედნიერი ვარ, რომ ასე გრძელდება ეს ისტორია და რომ წლევანდელი ფესტივალიც შესანიშნავია. წელს, 1 მაისს დავიწყეთ „ბერლინ ფილარმონიკით“ და „ ევროპაკონცერტით“. ახლა კი უკვე წინანდლის ფესტივალზე გვაქვს ასეთი ვარსკვლავთცვენა, მაესტრო ნოზედას ხელმძღვანელობით და მისი მხარდაჭერით, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი შესანიშნავი გენიოსი არის ჩვენთან ერთად, ჩვენი პანკავკასიური ორკესტრით. საოცარი ვარსკვლავები არიან წელს და ძალიან მახარებს ეს.  ჩვენ ვაგრძელებთ, მაღალი ხარისხის კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებას, ეს უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო კარგი და ძლიერი გზავნილი წავიდეს წინანდლიდან მთელ მსოფლიოში… რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი“, — განაცხადა, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ ტარდება და ის 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend