მთავარისაქართველოსაკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ

საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ

„ხომ არ გაქვთ თუნდაც ერთი სამართლებრივი დასკვნა, რომელმაც ეს კანონი შეაფასა და თქვა, რომ იგი ადამიანის უფლებათა სამართალს არ არღვევს?“ – საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელთა განხილვისას ოპოზიციონერი მოსარჩელეების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილი ეს კითხვა, რომელიც დეპუტატმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა, უპასუხოდ დარჩა. დილის 11:00 საათიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სრული შემადგენლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, თამარ ტყეშელაშვილსა და ბექა ძამაშვილს, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დავით დევიძეს უსმენს.

„ჩვენ შეგვიძლია, პოლიტიკურად ბევრ რამეზე ვიკამათოთ, თუმცა, როგორც კი სასამართლო დარბაზში გადავდივართ, სამართლებრივად უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს გარკვეული პერიოდი, როდესაც ევროინტეგრაციის გზა თითქოს ფერხდებოდა კონკრეტული პატიმრის თითქოსდა არასათანადო მოპყრობისა გამო. ჩვენთან 27 ელჩი მოვიდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, თუმცა, როგორც კი გადავინაცვლეთ სასამართლო სიბრტყეში –  სხვა შედეგი დადგა. ამიტომ ჩვენ, როგორც იურისტებმა, სამართლებრივ ნაწილზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“,- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირებისთვის განცხადება 233-მა ორგანიზაციამ წარადგინა. მისივე თქმით,  საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე არასამეწარმეო იურიდიული პირი მოქმედებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დარეგისტრირებისთვის განცხადება ორგანიზაციათა 1%-ზე ნაკლებმა წარადგინა. მოგვიანებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განცხადებათა რიცხვი გაიზარდა და მათი რაოდენობა 322-ს შეადგენს.

უცნობია რამდენი ორგანიზაცია ექცევა ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მოქმედების ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის კითხვას ამის თაობაზე, თამარ ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ რიცხვი დასაზუსტებელია.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სადავო კანონი და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“ მასტიგმატიზებელი არ არის. ამის დასადასტურებლად მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ რეესტრში არა მხოლოდ 20%, არამედ ორგანიზაციის მთლიანი დაფინანსება აისახება.

„ რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 პროცენტი ან 25 პროცენტი, რაც იქნება უცხოური, არამედ დაფინანსება. დაინტერესებული პირი რეესტრში როდესაც შევა, ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20 პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდება და 80 პროცენტით – საქართველოდან. რატომ შეიძლება იყოს მასტიგმატიზებელი, როდესაც ვნახულობ, რომ ორგანიზაციას უცხოეთიდანაც აქვს მიღებული დაფინანსება და საქართველოდანაც? როგორ შეიძლება, ეს რეესტრი, ამის აღმასრულებელი იყოს მასტიგმატიზებელი? უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება. შეუძლებელია, იყოს სტიგმა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

რატომ სჭირდება იუსტიციის სამინისტროს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებისა და პოლიტიკური შეხედულების შესწავლა? – ეს კითხვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დავით დევიძეს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

„საერთოდ, ამ გამჭვირვალობის დადგენასთან თუ დაფინანსების 20%-ის დადგენასთან, რა რელევანტური, რა ლოგიკური კავშირი აქვს განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას და შემდეგ მის გასაჯაროებას? ამის კავშირი აგვიხსენით“, – მიმართა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს.

„წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსიდან გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო. ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, შესაძლოა, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც. განზრახვაა, რომ მოგვატყუონ, განზრახვაა ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა დავით დევიძემ.

სადავო კანონის წინააღმდეგ არსებულ 4 სარჩელს, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სრული შემადგენლობა 29 აგვისტოდან განიხილავს. მოსარჩელეები პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. ისინი კანონის შეჩერებას, შემდგომ კი, სრულად გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს. ეს მუხლი ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალდებულებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ 29 აგვისტოს აღნიშნა, სასამართლოში შესულია კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც ჯერ დარეგისტრირებული არ არის.სასამართლოს სხდომას არ ესწრებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend