„თუკი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია არსებობს, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა არსებული საშუალებების გამოყენებით“ – ასეთია უკრაინის პარტნიორების პოზიცია რუსულ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების წინსვლის 25-ე დღეს.
6 აგვისტოდან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ოლქებში შექმნილი რთული მდგომარეობისა და ამავე ოლქებიდან 140 000-მდე დევნილი რუსის ფონზე, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს.
მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად იმეორებს ერთ განცხადებას, – რომ კიევთან ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკება გამორიცხულია. უკრაინელი სამხედროების მიერ დრონებით იბომბება არამხოლოდ კონტრშეტევის სამიზნეები – ბელგოროდი და კურსკი, არამედ ბრიანსკის, კალუგის, როსტოვისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიები.
წინსვლის მიუხედავად, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი კიევს ჯერჯერობით სისრულეში ვერ მოჰყავს. ეს კი გულისხმობს მოსკოვის იძულებას, სამხედრო დანაყოფები დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან კურსკის ფრონტზე გადაისროლოს.
რთული ვითარება ნარჩუნდება სუმის ოლქში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საწარმო დაბომბეს. ამავე დროს, უკრაინის გენშტაბი ადასტურებს დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული F-16 ტიპის ერთ-ერთ მოიერიშე თვითმფრინავზე რუსების თავდასხმასა და მფრინავის დაღუპვას.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა“, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.
უკრაინაში შექმნილი ვითარება და კიევის კონტრშეტევა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე.
ევროპელი ლიდერები კიევისთვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდასა და დასავლური შეიარაღების რუსულ ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვების მოხსნაზე თანხმდებიან. ლიდერების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არა კრემლის გასაღიზიანებლად, არამედ უკრაინის თავდასაცავად გადადგმული ნაბიჯი იქნება. საკითხს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, უნგრეთის სახით, მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომელიც ომში მყოფ უკრაინას კვლავ ულტიმატუმის ენით ესაუბრება.
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს – როცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაშინაც კი, როცა განვიხილავთ რუსულ ტერიტორიებზე იერიშების მიტანის საკითხს, ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში. არავის სურს ომი მასთან. თუმცა, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი უკრაინელების ადგილას. რუსები გბომბავენ იმ ადგილებიდან, რომლებზეც წვდომა არ გაქვთ. თქვენც გენდომებოდათ თანაბარ პირობებში ბრძოლა. ეს ომი ბევრი უკრაინელის სიცოცხლის ფასად მიმდინარეობს. ამიტომ გვიწევს მათი უფრო მეტად მხარდაჭერა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
„კარგია, რომ უკრაინას კურსკის მიმართულებით წინსვლა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, რასაც ისინი ახლა აკეთებენ – სიმამაცეა. ისინი ცალი ხელით იბრძვიან. სამწუხაროდ, მეორე ხელი ზურგს უკანაა, რადგან მათ არ აქვთ ყველა არსებული იარაღის გამოყენების უფლება. ვიმედოვნებ, ყველა გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის საბრძოლო სისტემების სრულად გამოყენების უფლების მიცემა, ასევე დამატებითი შეიარაღებისა და რაკეტების გადაცემა“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურიმ.
„ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის შეიარაღებისთვის 6 მილიარდი ევრო გამოყონ. უნგრეთის პოზიცია ნათელია – ევროპული ბიუჯეტიდან ჩვენ არც ერთ ცენტს არ დავხარჯავთ მანამ, სანამ უნგრული კომპანიები უკრაინაში ნეგატიური დისკრიმინაციის ქვეშ არიან და სანამ უკრაინა ამ გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს“, – თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
ევროკავშირში საერთო შეთანხმების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი წინაღობა ბუდაპეშტის პოლიტიკა არაერთხელ აღმოჩენილა. რუსეთ-უკრაინის ომში, ვიქტორ ორბანის ხელისუფლების პოზიცია მოსკოვის სასარგებლოდ იხრება.
ევროპელი ლიდერების ამოცანა ახლა ორია – დაარწმუნონ უნგრეთი, რომ უკრაინის უსაფრთხოება სრულიად ევროპის უსაფრთხოების გარანტიის ტოლფასია და მიიღონ ქმედითი გადაწყვეტილებები, რაც კიევს რუსულ აგრესიას დაამარცხებინებს.