არაერთი ამერიკელისთვის ავღანეთში ომი 2021 წლის აგვისტოში არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც ავღანეთი ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს და ავღანეთში თალიბანის მმართველობა დამყარდა, ამერიკელი ვეტერანები, დიპლომატები და რიგითი მოქალაქეები აგრძელებენ ავღანელი მოკავშირეების დახმარებას. მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მოხალისეები ავღანელებს ეხმარებიან ფინანსურად და ფსიქოლოგიურად.
მოხალისეები თუ ორგანიზაციების დამფუძნებლები საუბრობენ იმ ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე, რომლებიც ამ სამსახურს ახლავს. არაერთ მათგანს სინდისი ქენჯნის იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ავღანელი მოკავშირეების სრულფასოვანი დახმარება და მათ გვერდში დგომა.
„ჯარების გაყვანაზე საუბრისას მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ვაკრიტიკებთ, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამასაც ვგულისხმობთ. აქ მთავარი ადამიანური მომენტია და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ყველა გაიაზრებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო იმდენად სასოწარკვეთილი, რომ მოძრავ სამხედრო ვერტმფრენს შეახტე, რადგან იცი, მიწაზე სიკვდილი გელის. ან შენი შვილი სრულიად უცხო ადამიანს ჩააბარო იმ იმედით, რომ სხვაგან მაინც გადარჩება. ჩემთვის სწორედ ამას ნიშნავდა ჯარების გაყვანა…“, -ამბობს ორგანიზაცია AfghanEvac-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ქეით კოვაროვიჩი.
მოხალისეები, მათ შორის ვეტერანები, დიპლომატები და მშვიდობიანი მოქალაქეები წლების განმავლობაში ავღანელების დასახმარებლად დაუღალავ შრომობდნენ და ეს დღემდე გრძელდება.
ეს გულისხმობს, გადაუდებელ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, რთული ბიუროკრატიული პროცესების წარმართვას და მათთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნას.
„ვეტერანები ამერიკული იდეალებისთვის“, „Human first Coalition”, „AfghanEvac” – ეს ის ორგანიზაციები, რომლებიც ავღანელებს ყოველდღიურად ეხმარებიან. ზოგიერთი ორგანიზაციის წევრი იმასაც ამბობს, რომ მათ დასახმარებლად პირადი დანაზოგიც კი გამოიყენეს. ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ დახმარების გაწევა მათი ვალდებულებაა.