„კანონი ჩავარდება, ეს ძალიან მკაფიოდ. ამ გადაწყვეტილების საფუძველია ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც იქ მყოფი ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“ – მამუკა მდინარაძის ამ სიტყვებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კორექტირებული სახელწოდებით, შეცვლილი ინიციატორით, თუმცა იმავე შინაარსით საქართველოს საპარლამენტო დღის წესრიგში დაბრუნდა. 2023 წლის მარტის მსგავსად, პოლიტიკურად ცხელი აღმოჩნდა 2024 წლის გაზაფხულიც.
მმართველი გუნდის მისამართით გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების წნეხი. დასავლეთმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გეზთან შეუსაბამოდ მიიჩნია. საქართველოს პარლამენტის დარბაზში კანონის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ საპროტესტო აქციები ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა.
მოგვიანებით, დემონსტრაციებმა უფრო მწვავე ხასიათი შეიძინა და საპოლიციო ძალებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამივე საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა უმრავლესობის პროტესტისა და პრეზიდენტის ვეტოს ფონზე მიიღეს – 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი. ქუჩის დემონსტრაციების შეწყვეტის მიუხედავად, საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დასავლური სანქციები ამოქმედდა, რამაც გარკვეული საერთაშორისო დახმარების პაკეტები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ტერიტორიული გამოწვევების წინაშე მდგარ სახელმწიფოსთვის, „ღირსეული პარტნიორის“ სახით, ამერიკული სამხედრო მხარდაჭერაც გაიყინა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი საერთო აზრზე შეაჯერა – მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას ჩამოაშორა. საერთო იყო თანხმობაც საგარეო კურსის ცვლილებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი საჩივარი შევიდა. სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავის გზაზე პირველი ნაბიჯი 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადადგა. საქართველოს ისტორიაში პირველად, მოსამართლის მაგიდაზე პრეზიდენტის სარჩელი აღმოჩნდა, რასაც 38 ოპოზიციონერი დეპუტატისა და ორი მედიაორგანიზაციის სარჩელებიც დაემატა.
თბილისში პრეზიდენტის ვეტოდაძლეულმა სადავო კანონმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან 29 აგვისტოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლა. პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრი ახლა აჭარის დედაქალაქია, სადაც ჯერჯერობით უცნობია – საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტის ერთგულებით თუ პოლიტიკური ზეგავლენით მიიღებს.