რა ტაქტიკური მონაცემები აქვს რაკეტა-დრონ „პალიანიცას“ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა კადრებიც, რომელიც მათი განცხადებით „პალიანიცაა“.
სამხედრო მიმომხილველები თვლიან, რომ ეს შეიარაღება ირანულ „შაჰიდზე“ ჩქარია. უკრაინული გამოცემა „უნიანის“ მტკიცებით, ამ რაკეტა დრონის ფრენის მაქსიმალური მანძილი 750 კილომეტრია… და თუ ეს ასეა – უკრაინა „ნიჟნი ნოვგოროდის“ ოლქამდე ტერიტორიას დაფარავს, მათ შორის მოსკოვსაც.
„რაც ცნობილია, ტექნიკური მახასიათებლებით „პალიანიცა“ გამოირჩევა. უფრო ჩქარია მის წინამორბედ დრონებზე. და ეს სიჩქარე მას მიცემს იმის საშუალებას, რომ უფრო რთულად ჩამოსაგდები იყოს, როდესაც შეფრინდება რუსეთის საჰაერო სივრცეში“, – ამბობს სამხედრო მიმომხილველი ოთო კონჯარია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კიევმა წარმატებით გამოცადა პირველი ეროვნული წარმოების ბალისტიკური რაკეტაც. ზელენსკის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს კიევმა მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო მრეწველობა. ამ ფაქტს არაპირდაპირ ამტკიცებს კრემლის გაცხადებული მიზნებიც.
უკრაინაზე ბოლოს მიტანილი მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს მოსკოვში აღნიშნეს, რომ მათ სურდათ, ენერგოობიექტების განადგურების გზით სწორედ უკრაინის სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიის შეჩერება.
ამ დროისთვის უკრაინას დასავლური შორი მოქმედების შეიარაღებიდან ატაკამსი (ATACMS) და ბრიტანული Storm Shadow-ს სისტემები გააჩნია. მათი მოქმედების არეალი 70-დან 300 კილომეტრამდე მერყეობს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთმა იმ ავიაციის 90%, რომელიც უკრაინას „პლანირებადი“ ბომბებით ბომბავს, ამ არეალიდან გაიყვანა. იმავეს წერს გამოცემა „პოლიტიკოც“, რომ კრემლმა „ატაკამსებსა“ და “შტორმ შედოუს“ რაკეტებს საკუთარი ძალები მოარიდა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინულ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუკი ვაშინგტონი ნებას დართავს, კიევს შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის საოკუპაციო ძალებს… რადგან გარკვეული სამიზნეები, მათ შორის სამეთაურო პუნქტები კვლავ „ატაკამსის“ დაფარვის ზონაში რჩებიან.