„ომი, რომელიც სახლში დაბრუნდა“ – ასე აფასებს უკრაინის ხელისუფლება რუსულ ტერიტორიაზე კიევის სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობას.
ყველაზე ხანგრძლივად და მასშტაბურად წოდებული კონტრშეტევის დაწყებიდან სამი კვირის თავზე, უკრაინული ჯარები კურსკის ტერიტორიაზე 100 დასახლებულ პუნქტსა და 1300 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობს აკონტროლებენ.
აგვისტოს დასაწყისთან შედარებით, წინსვლის ტემპი შენელებულია, თუმცა გაფართოებულია სამხედრო მოქმედებების არეალი. საჰაერო იერიშების შემდეგ, ვრცელდება ცნობები ბელგოროდის ოლქში უკრაინელთა სახმელეთო შეჭრასთან დაკავშირებითაც. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი 917-ე დღეს კრემლისთვის სხვა სცენარით ვითარდება – მოსკოვს ფიქრი არა შეტევაზე, არამედ კიევის კონტრშეტევების მოგერიებაზე უწევს.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვითარება საზღვარზე რთულია, თუმცა კონტროლირებადი. ჩვენი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ატარებენ“, – დაწერა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ პირად არხზე.
კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება საყურადღებოდ შეაფასა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. რუსეთის ქალაქ კურჩატოვოში ვიზიტისას, მან საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა, შესაძლოა, ახალი ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
„რეაქტორის აქტიური ზონა, რომელიც ბირთვული მასალების შემცველია, ჩვეულებრივი სახურავითაა დაფარული. სარაკეტო ან დრონებით თავდასხმების შემთხვევაში, ეს ფაქტი რეაქტორს უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. მომდევნო კვირაში მე შევხვდები ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ ვზრუნავთ ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცვაზე, სადაც არ უნდა იყოს ეს. აღნიშნული სამხედრო კონფლიქტი არ არის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გარანტია, რომ ბირთვული კატასტროფა არ მოხდეს“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ.
სამშვიდობო მოლაპარაკებებთან და უკრაინის სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით რუსული ხელისუფლების რიტორიკა უცვლელია. მოსკოვი კიევსაც და დასავლეთსაც მძიმე შედეგებით ემუქრება.
„ამერიკელები ცალსახად აკავშირებენ ამ საუბრებს მესამე მსოფლიო ომზე ისეთ რამესთან, რაც ღმერთმა ნუ ქნას, თუ განხორციელდება, შეიძლება შეეხოს მხოლოდ ევროპას და ამ სიტუაციაში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი დოქტრინა, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინა, რომელიც, სხვათა შორის, ახლა ზუსტდება და რომლის შესახებაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ძალიან კარგად იციან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
კურსკის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ პასუხად უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 26 აგვისტოს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მიიჩნევს. ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ იერიშებს სხვადასხვა ოლქში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვის „ტერორისტულ ქმედებების“ პასუხს ამზადებენ. ამ პასუხის გაცემაშიც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოყენების ნებართვას ითხოვს, თუმცა ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია – უარი შესაძლო სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო. გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას, უკრაინისადმი მხარდაჭერა დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. თუმცა, კირ სტარმერმა პენტაგონის მსგავსად, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები „აშკარა მიზეზებით“ ახსნა.
სამხედრო შეზღუდვების მოხსნამდე, უკრაინას საკუთარი ძალებით უწევს აგრესორთან გამკლავება, რომლის ყოველდღიური მიზანი ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის სრული ოკუპაცია და მთლიან ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშების მიტანაა.