საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდი მსჯელობს, თუ რა ფორმით შეიძლება მსგავსი წინადადების მიღება.
„ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენ შინაარსზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს. ასევე, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით – ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.
რაც შეეხება ფორმულირებას – სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. ამ შემთხვევაში მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს. [რა ფორმულირება იქნება] ამაზე მსჯელობენ.
ორშაბათს შეხვედრა იყო მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა მოსვლა ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა ხვალ შეიკრიბება და ამ ფორმულირებაზე იმსჯელებენ.
ამასთან, ფორმულირება მკაცრად შემოთავაზებული ან მოთხოვნილი არ არის, მსგავსი არავინ უნდა იფიქროს. ეს არის კეთილგანწყობის შემოთავაზება, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო ასე მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა – ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების სიღრმისეულად გაშლა, ამას ხელი შეეწყოს. რა ფორმულირება იქნება, ამას უნდა დაველოდოთ.
კატეგორიულად საკითხი დაყენებული არ არის, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს. ჩვენ შემოგვთავაზეს, რომელიც შეიძლება ითარგმნოს – რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკლესიის სტატუსი და მისი როლი საზოგადოებრივი ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს.
რაღაცნაირად ფორმულირება ხომ უნდა მოსულიყო? [სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება] ნახსენები იყო, თუმცა მე ვამბობ, რომ ეს წინადადება კატეგორიულად დაყენებული არ არის. ეს არის შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს. ეს შემოთავაზება ხელისუფლებიდან იყო, ჩემთან პირადად არ უსაუბრიათ, მეუფე შიოსთან იყო [საუბარი]”, – განაცხადა დეკანოზმა.
მიტროპოლიტთა ნაწილის აზრით, ერთი რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, არასწორია და მას მართლმადიდებლობის დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.
სეკულარიზმის უმთავრესი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაყოფილია. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებისთვის, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება, რომელიც ამჟამად არ აქვს.
ალეკო გვეტაძე