თბილისის მერიის ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სიახლეებია მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხით. ბავშვებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, ამისთვის კი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.
მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება განახლებითი სამუშაოები, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში კი ბაღების აღსაზრდელებს განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები დახვდებათ.
კალაძის თქმით, სამ საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება.
“ ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები. ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები. 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 11 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. ასევე, თბილისის 115-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების მთლიან განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. სიახლეები გვაქვს მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქვე შევახსენებ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.