ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ აის შეხვდა.
„როიტერის“ ცნობით, ჯო ბაიდენს არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს. ამ ვიზიტის დეტალების შესახებ განცხადებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა სალივანის შეხვედრამ შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრას.
დღის წესრიგში ასევე დგას ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.
კერძოდ, აშშ-ს სურს, ჩინეთმა მიიღოს პრევენციული ზომები ისეთი ქიმიკატების შემუშავებისას, რომლებიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ დასამზადებლად გამოიყენება.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა პრეზიდენტ სისთან საუბარში, რომ იგი ხვდება ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას და ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაწეული სამუშაო ამის ნათელი მაგალითია.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში და ვიპოვოთ ერთობლივი გამოსავალი, რომელიც ყველას ინტერესებს ითვალისწინებს”, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
“ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის და ასევე გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა. პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ბაიდენის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობების დასტაბილურება. მთავარია, დავიცვათ ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მომგებიანი თანამშრომლობის საერთო მიმართულება”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ვანგ იმ.