მთავარიმსოფლიოასი ბავშვის ბიოლოგიური მამა და ე.წ. რუსი ცუკერბერგი- ვინ არის პაველ დუროვი

ასი ბავშვის ბიოლოგიური მამა და ე.წ. რუსი ცუკერბერგი- ვინ არის პაველ დუროვი

„თუკი ჭეშმარიტი თავისუფლება გსურს, მზად უნდა იყო, თავისუფლებისთვის ყველაფერი გარისკო“ – ამ ინსტაგრამ პოსტიდან 6 წლისა და 4 თვის შემდეგ პაველ დუროვი საფრანგეთში, დროებითი დაკავების იზოლატორში თავისუფლებააღკვეთილი აღმოჩნდება.

ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური კომენტარია საფრანგეთიდან. პარიზის პროკურატურის ცნობით, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში, ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი, ასევე, მხილებულია ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

მესამე დღეა, საერთაშორისო გამოცემები და ექსპერტები პაველ დუროვის ირგვლივ განვითარებულ სამართლებრივ საქმეებს აფასებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელმა უმოქმედობით თავად შეუწყო ხელი მისივე პლატფორმის მეშვეობით თაღლითობას, ნარკოტიკების ბრუნვას, მუქარის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებას. ნაწილს კი მიაჩნია, რომ პაველ დუროვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

ამავე რიტორიკას იმეორებენ მოსკოვში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ „იუთუბის“ ასაკრძალად სახელმწიფო დუმამ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ხოლო თავად „ტელეგრამზე“ წვდომა 2018-2021 წლებში შეზღუდული იყო. მოსკოვის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

პაველ დუროვის დაკავების შემდეგ, საფრანგეთთან დაკავშირებით ბევრი მცდარი ინფორმაცია მოვისმინე. საფრანგეთი მტკიცედაა მიმართული თავისუფლების გამოხატვისა და კომუნიკაციის, ინოვაციისა და მეწარმეობის სურვილისკენ. ეს ასე დარჩება. სამართლებრივ სახელმწიფოში, თავისუფლება უზრუნველყოფილია კანონის ფარგლებში, როგორც სოციალურ მედიაში, ისე რეალურ ცხოვრებაში – მოქალაქეთა დასაცავად და მათი ძირითადი უფლებების პატივსაცემად.

სრულად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს კანონის აღსრულება. საფრანგეთის ტერიტორიაზე „ტელეგრამის“ დამფუძნებელი დაკავებულია მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში. ეს არანაირად არაა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადონ მოსამართლეებმა“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.

„რუს ცუკერბერგად“ და „რუს ელონ მასკად“ წოდებული პაველ დუროვისთვის, „ტელეგრამი“ არც პირველი და არც ერთადერთი ბიზნესაქტივი არაა. „ფეისბუკის“ დამფუძნებლის სტუდენტური ისტორიის შთაგონებით, 21 წლის ასაკში მან სოციალური ქსელი „ვკონტაქტე“ შექმნა, რომელიც მალევე იქცა ნომერ პირველ რუსულ პლატფორმად. შექმნიდან 7 წლის შემდეგ, „ვკონტაქტე“ მასსა და კრემლის ხელისუფლებას შორის დავის საგნად იქცა. მიზეზი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ მოვლენები და რუსული სპეცსამსახურების სურვილი იყო – დუროვს კიევში პროტესტის მონაწილეთა პირადი ინფორმაცია გაესაჯაროებინა და ალექსეი ნავალნის პირადი გვერდი დაებლოკა.

ამ ამბებმა რუსი ბიზნესმენი კრემლის მიერ დევნილად აქცია, რის შემდეგაც პაველ დუროვმა ახალი ცხოვრების დაწყება ჯერ გაერთიანებულ საამიროებში, შემდეგ კი საფრანგეთში გადაწყვიტა. ვირტუალურ სივრცეში საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნის გარდა, რუსმა მილიარდერმა, 2024 წლის ივლისში თქვა, რომ, სულ მცირე, 100 ბავშვის ბიოლოგიური მამაა. უჩვეულო ინფორმაციამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა, თუმცა პაველ დუროვის თქმით, ამ კითხვებზე პასუხი – 15 წლის განმავლობაში ბიოლოგიური ნიმუშების დონაციაა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას „ტელეგრამი“ პაველ დუროვის უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე, ვის ხელში აღმოჩნდება პლატფორმა ან ის შესაძლო საიდუმლო ინფორმაცია, რომლის გამოც მოსკოვში მესამე დღეა, განცხადებებს აკეთებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ტელეგრამის“ ისტორიის გაგრძელების გზა მხოლოდ ევროკავშირის რეგულაციებისადმი დამორჩილება და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე გადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend