ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ ისინი დაფინანსებას კანონდარღვევით იღებენ. ბიუროს თავმჯდომარემ ჩამოთვალა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მისი თქმით, დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ.
“ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსურ მონიტორინგს ვახორციელებთ, მათ შორის “ქართული ოცნების”, – განაცხადა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია “თავისუფლების მოედანმა” ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, აქედან გამომდინარე, ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარესა და წევრებს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.
ანტიკორუფციული ბიუროს ბრალდებებს მალევე უპასუხეს ოპოზიციაში. ისინი მმართველი პარტიის გაუმჭვირვალე დაფინანსებაზე მიუთითებენ. ასევე განცხადება გაავრცელა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმაც“, განცხადებაში წერია, რომ ეს ბრალდებები ყალბი და მავნეა.
„კორუფციის ჭაობშია ჩაფლული „ქართული ოცნება“ და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. სპეცრეისებით დაფრინავენ „საშოპინგოდ“ – დუბაი, მილანი, შვილები სპეცრეისებით მიჰყავთ ამერიკაში სასწავლებლად, ნახევარმილიონიანი საათები და რა ვიცი, რა დღეში არ არიან, და ანტიკორუფციული ბიურო რითი არის დაკავებული? გეკითხებით, ეს ანტიკორუფციული ბიუროა თუ კორუფციის შენახვის თუ „გაპრავების“ ბიურო „ქართული ოცნებისთვის?“- განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
28 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა 2023 წლის პარტიების დაფინანსების შესახებ, სადაც რეკომენდაციის სახით ეწერა, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები წლებია, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს შემოწირულებები წარმოადგენს კორუფციული სქემის ნაწილს, რომელიც მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და სხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული.