რამდენიმე დღეა ვითარება დაძაბულია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც მინსკმა დამატებითი სამხედრო შენაერთები განალაგა. ლუკაშენკას ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ უკრაინა ბელორუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უქმნის საფრთხეს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელორუსის შეიარაღებული ძალებმა სამხედრო პერსონალი, აღჭურვილობა, ტანკები, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის მახლობლად მდებარე გომელის რეგიონში განათავსეს.
ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და მოუწოდა მინსკს არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა და გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინა გაეროს ქარტიის მიერ უზრუნველყოფილ ყველა თავდაცვით ზომას მიიღებს.
ბელარუსმა 29 ივლისს დაადანაშაულა უკრაინა ძალების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილებაში მათი ერთობლივი საზღვრისკენ და ასევე განაცხადა, რომ კიევი ზრდის უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედებას ამ რეგიონში.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე ჩამოაგდო უკრაინული უპილოტო საჰაერო აპარატები, რომლებმაც უკანონოდ შეიჭრნენ ბელორუსის საჰაერო სივრცეში.
“ვეჭვობთ, რომ ეს იყო თავდასხმითი ოპერაცია. დრონები უკრაინიდან ბელორუსის ტერიტორიის თავზე გადაფრინდნენ. ზოგიერთი სამიზნე გავანადგურეთ. ჩვენ გვაქვს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთთან, ამიტომ დარჩენილი სამიზნეები გადაეცა რუსეთის ფედერაციას. რუსეთის გენერალური შტაბისა და რუსეთში საჰაერო თავდაცვის მეთაურის ინფორმაციით, ეს სამიზნეები იაროსლავის მახლობლად განადგურდა“, – განაცხადა ლუკაშენკამ 10 აგვისტოს.
ბელორუსი ამ დრომდე თავს იკავებდა კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისგან, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის საწყის ეტაპებზე, სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან შეიჭრა რუსული ჯარი კიევის მიმართულებით.
ჯერ უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინის უახლოესი მოკავშირე ლუკაშენკა, თუმცა ის კიევში უკვე გააფრთხილეს, რომ უკრაინის საზღვართან სამხედროების ნებისმიერი კონცენტრაცია უკრაინის არმიის ლეგიტიმური სამიზნე შეიძლება გახდეს.