გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმებში ეჭვმიტანილი პირი. 26 წლის მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
პარასკევს, ქალაქის 650 წლისთავის აღსანიშნავ ფესტივალზე, დანით შეიარაღებული პირი მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 მოქალაქე.
შაბათს თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო. გერმანიის პოლიციამ ასევე დაადასტურა 15 წლის ბიჭის დაპატიმრება, რომელსაც ბრალად თავდასხმების შესახებ სამართალდამცველებისთვის ინფორმაციის დამალვა ედება.
ადგილობრივი მოსახლეობა მოხარულია, რომ თავდამსხმელი დაიჭირეს.
„რა თქმა უნდა, ეს დამამშვიდებელია. ძალიან კარგია, რომ ეჭვმიტანილი ჩაბარდა და დააკავეს. ეს არის მთავარი. ახლა გასარკვევია, თუ რატომ ხდება მსგავსი რამ? რატომ და როგორ უნდა ჩაიდინო ასეთი საშინელება? ეს ძალიან მტკივნეული და გაუგებარია,“ – ამბობს კორდ ბოტჩერი
63 წლის ჰოგლერ ჰონიგი კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდება, რაც შემაშფოთებელია.
„რა მოხდება მომდევნო კვირების განმავლობაში? ახლა არსად წასვლა არ მინდება. კი დამამშვიდებელია, რომ თავდამსხმელი ჩაბარდა, თუმცა მაინც შოკში ვართ. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მსგავსი შემთხვევა უკვე მერამდენედ მეორდება“, – ამბობს ჰონიგი.