მთავარიმსოფლიო48 საათი ოფიციალური ბრალდების გარეშე - პაველ დუროვი პარიზის წინასწარი დაკავების იზოლატორში...

48 საათი ოფიციალური ბრალდების გარეშე – პაველ დუროვი პარიზის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 121-ე პოზიციაზე მყოფი ბიზნესმენი პაველ დუროვი დაკავებულია.

კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან საფრანგეთში დაბრუნებულ სოციალური ქსელის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელს ბორკილები 24 აგვისტოს პარიზის ბურჟეს აეროპორტში ფრანგმა სამართალდამცველებმა დაადეს.

გავრცელებული ცნობით, პაველ დუროვის დაკავების მიზეზი მის მიერ შექმნილ სოციალურ პლატფორმას უკავშირდება, სადაც ის, თითქოს ხელს უწყობდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას, ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ტერორიზმის პროპაგანდასა და სხვადასხვა ტიპის თაღლითობას.

ბიზნესმენის დაკავებიდან 48 საათის შემდეგ, ჯერჯერობით საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. პაველ დუროვი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, თუმცა, ფრანგული კანონმდებლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილთა დაკავების შემთხვევებში პატიმრობის 120 ან 144 საათამდე გაგრძელებასაც ითვალისწინებს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცავი უწყება იძულებული იქნება პაველ დუროვი ან გაათავისუფლოს ან სასამართლოს გადასცეს, სადაც მას ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ.

საფრანგეთის ოფიციალური უწყებების დუმილის პარალელურად, კრემლის ხელისუფლების წარმომადგენლები პაველ დუროვის დაკავებას მეორე დღეა, საგანგებო განცხადებებით ეხმაურებიან. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მოსკოვმა დასავლეთი „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დამცინავად შეაფასა პარიზის მოსკოვისთვის გაცემული მოკლე პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ „ფრანგული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისადმი პატივისცემის გამო, დუროვთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ“. პაველ დუროვის დაკავებას გამოეხმაურა საფრანგეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოც. ციფრული მომსახურების სფეროში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამობას უარყოფს „ტელეგრამის“ გუნდი, რომელიც პლატფორმის დამფუძნებლის დაპატიმრებას განცხადებით გამოეხმაურა. მასში ნათქვამია, რომ კომპანიის დირექტორს დასამალი არაფერი აქვს და „აბსურდია, როცა პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მფლობელს ეკისრება“.

„ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უხერხულობის გარეშე გამოეხმაურა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფრანგი დიპლომატების ლოგიკით, გამოდის, რომ დუროვი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემდა. საზღვარგარეთის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე არც ვისაუბრებ – ჩვეულებრივ, პარიზი თავს არ იკავებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„მედიაში პაველ დუროვის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, საფრანგეთის ხელისუფლებას მოვთხოვეთ ახსნა-განმარტება დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით, ასევე, მოვითხოვეთ მისი უფლებების დაცვა და საკონსულო დაშვება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგული მხარის პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. კონტაქტზე ვართ პაველ დუროვის ადვოკატთან“, – განაცხადა საფრანგეთში რუსეთის ფედერაციის საელჩომ.

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას „ტელეგრამის“ არხზევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, პაველ დუროვთან შემდგარი დიალოგი გაიხსენა, სადაც ბიზნესმენი „ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო“ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა.

„ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ სურდა თანამშრომლობა ძალოვან უწყებებთან, როცა საუბარი იყო მძიმე დანაშაულებზე. მან მიპასუხა – ”ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია”.

ვუთხარი –  „მაშინ ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გექნება”. მან ჩათვალა, რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში აქვს, ამიტომ წავიდა და მოგვიანებით სხვა სახელმწიფოებში მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება მოიპოვა. მას სურდა, გენიალური „მსოფლიო მოქალაქე“ გამხდარიყო, რომელიც უსამშობლოდ ცხოვრობს. ის შეცდა. ჩვენი საერთო მტრებისთვის ის რუსი და, შესაბამისად, სახიფათოა. განსხვავებული სისხლისაა. ბოლოს და ბოლოს, დუროვი უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, დროის მსგავსად, არ ირჩევენ“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

დასავლეთში ვარაუდობენ, რომ რუსი მაღალჩინოსნების მძაფრი გამოხმაურება მიანიშნებს, მათთვის „ტელეგრამის“ როგორც ინფორმაციის მიმოცვლის წყაროს მნიშვნელობაზე. სოციალური პლატფორმის არხებზე ვრცელდებოდა რუსეთის თავდაცვისუნარიანობასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და უკრაინაში ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის შემდეგ, სანქციები შეეხო დასავლური სოციალური ქსელების გამოყენებასაც. ამ დროიდან „ტელეგრამი“ აქტიურად გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მეთაურებს შორის ინფორმაციის მიმოცვლისთვის.

ცნობილია ისიც, რომ დაკავებამდე კრემლის ხელისუფლება პაველ დუროვს აკრიტიკებდა. მიმდინარე წლის აპრილში, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, ბიზნესმენმა გაიხსენა, რომ 2013 წელს, „მაიდანის“ პროტესტის მიმდინარეობისას, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური მას თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო ემუქრებოდა. 2014 წელს, პაველ დუროვი რუსეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა, სადაც „ტელეგრამი“ დააფუძნა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, „ტელეგრამზე“ მოსკოვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სენსიტიური ცნობები დასავლური სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდეს.

რუსი მაღალჩინოსნების მოთხოვნებს პარიზში ოფიციალურად არ პასუხობენ, თუმცა ფრანგი პოლიტიკოსები და ადგილობრივი მედია მიუთითებს, რომ პაველ დუროვი ოფიციალურად საფრანგეთის მოქალაქეა, ამიტომ მოსკოვის იურისდიქცია მასზე არ ვრცელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend