ჩრდილოეთ კორეა სამაგიდო ჩოგბურთის ვერცხლის მედალოსნებს გაღიმების გამო დასჯით ემუქრება.
სამაგიდო ჩოგბურთის მეწყვილეებს, პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეელ და ჩინელ კოლეგებთან გადაღებული ფოტოს გამო შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
დაპირისპირებული ქვეყნების წარმომადგენელი ათლეტების ფოტო თავდაპირველად ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, სადაც ადამიანები დადებითად აფასებდნენ ათლეტებს შორის მეგობრულ დამოკიდებულებას, თუმცა სურათს რადიკალურად განსხვავებული რეაგირება მოჰყვა კიმ ჩენ-ინის დიქტატურის ქვეშ მყოფ ქვეყანაში.
სამხრეთ კორეული გამოცემა Daily NK-ის თანახმად, მას შემდეგ რაც სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ, გუნდი ,,დაბინძურების“ გამო ერთთვიან ,,წმენდას“ გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ,,წმენდა“ სამეტაპიანი იდეოლოგიური შეფასების პროცედურაა, რომელსაც ქვეყნის სპორტის სამინისტრო ხელმძღვანელობს.
პროცედურის მიზანია, ათლეტები გაათავისუფლოს ,,არასოციალისტური“ კულტურის გავლენისგან. ეს არ არის ჩრდილოეთ კორეის მიერ საკუთარი ათლეტების დასჯის პირველი შემთხვევა.
მსგავსი ინციდენტი მოხდა 2010 წელს, როდესაც ქვეყნის საფეხბურთო გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატზე. შედეგად, ფეხბურთელებმა საჯარო გაფრთხილება მიიღეს და ,,ექვსსაათიანი კრიტიკის ტალღის“ მოსმენა მოუწიათ. გუნდის მწვრთნელი კი სამშენებლო სამუშაოზე გადაიყვანეს.