მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა აგვისტოს დასაწყისში რუსეთის კურსკის რეგიონში მოულოდნელი შეტევა დაიწყეს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ეწვია სასაზღვრო ზონას.
ქვეყნის სამხედრო მეთაურთან, ოლექსანდრ სირსკისთან, შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დატყვევებულ რუს ჯარისკაცებს უკრაინელებში გაცვლიან. მისი თქმით, უკრაინელებმა კურსკის რეგიონში კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი. ზელენსკიმ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს გეგმები ტერიტორიის გრძელვადიან ოკუპაციასთან დაკავშირებით. მას სურს, შეიქმნას ბუფერული ზონა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული ამ არეალში შემდგომი თავდასხმები.
I visited the border area of the Sumy region and held a meeting with Commander-in-Chief Syrskyi and the Head of the Sumy Regional Military Administration.
The Commander-in-Chief reported on the operational situation across all active combat zones, with a particular focus on the… pic.twitter.com/GvaCEAUBBj
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 22, 2024
ამავდროულად, უკრაინული დრონი ვოლგოგრადში მარინოვკის ავიაბაზაზე ჩამოვარდა. რეგიონის გუბერნატორი ადასტურებს, რომ სამხედრო ობიექტს დრონებით დაესხნენ თავს, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხუთშაბათს მოსკოვთან ახლოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების გუბერნატორებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადეს. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკვე ინფორმირებულია. მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლებმა პირობა მისცეს, რომ ვითარების შესაფასებლად თავად მოვლენ და გამოაგზავნიან სპეციალისტებს.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ბოლო პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, „ჰაიმარსების“ საბრძოლო მასალასა და ელექტრონულ აღჭურვილობას.