ჩიკაგოში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალურად წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად.
„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.
,,ნება მომეცით გითხრათ… ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები გვიყურებენ. მინდა, პირობა დავდო, რომ მე თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. გჯეროდეთ, რომ ქვეყანას პარტიასა და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ. ამერიკის ფუნდამენტური პრინციპია გზა კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე”, – განაცხადა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა.
This election is a fight for our country, our future, and our fundamental freedoms and rights.
Tune in as I take the stage tonight as the Democratic nominee for President of the United States.
https://t.co/b0tEYzSJuu— Kamala Harris (@KamalaHarris) August 23, 2024
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ჰარისმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ნატოს ალიანსს. ტრამპი კი პუტინის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების წახალისებაში დაადანაშაულა. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მან ორგანიზება გაუწია ორმოცდაათზე მეტ ქვეყანას, დახმარებოდნენ უკრაინას.
,,ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, მე შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამეფრთხილებინა რუსეთის გეგმის შესახებ. მე დავეხმარე 50-ზე მეტ ქვეყანას, შესაბამისი პასუხი გაეცათ პუტინის აგრესიისთვის. როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიდგები უკრაინისა და ნატოს მოკავშირეების გვერდით“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს კამალა ჰარისმა.
ჰარისი ასევე მზადაა, აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს ისრაელს დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, დასძინა, რომ პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება.
„მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ისრაელს, დაიცვას საკუთარი თავი. მუდამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს თავდაცვის უნარი. ისრაელელი ხალხი აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც 7 ოქტომბერს ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ჰამასმა“ მოაწყო. ამავდროულად, რაც მოხდა ღაზაში ბოლო ათი თვის განმავლობაში, დამღუპველია. ამ კონფლიქტს უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იქ არიან სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანები, რომლებიც გარბიან და უსაფრთხო ადგილს ეძებენ. ტანჯვის მასშტაბები გულსატკენია. პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად, რათა ისრაელი იყოს დაცული, მძევლები კი – გათავისუფლებული. ღაზაში ტანჯვა აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისის გამოსვლით დასრულდა დემოკრატების ოთხდღიანი ეროვნული ყრილობა, რომელიც ერთი თვის შემდეგ გაიმართა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ავტორი: მარიამ ქობულია