სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს 22 აგვისტოს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და წმინდა გიორგის ეკლესიაში ალექსანდრე ონიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
ორდენის გადაცემას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძეც.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის, გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა.
„ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საბოლოო გამარჯვებას.
ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ პატარებიც არიან, რადგან პატარებისთვის გვჭირდება ასეთი მაგალითები. გაიზრდებით და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ. თქვენ გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი, ვიდრე შენი ქვეყნის დაფასება. ესაა ძვირფასი და არა ფული, წარმატება და ძალაუფლება!
ეს ჯილდო არა ჩემი პირადი, არამედ მთელი ქვეყნის დაფასებაა თქვენი შვილისთვის, საქართველოს შვილისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა