,,მაიმუნის ყვავილის” სახელით ცნობილი ვირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებისა და საფრთხის დონეების შესახებ, საზოგადოებისთვის განცხადება გააკეთა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, გავრცელების წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, ვირუსის ორი განსხვავებული ვარიანტი არსებობს – ერთი უფრო მძიმე მიმდინარეობის, რომლის შემთხვევაშიც 5%-ია გარდაცვალების მაჩვენებელი და ახლა, სწორედ ეს ვარიანტია გავრცელებული და მეორე, დასავლეთ აფრიკის ვარიანტი, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 0,2%-ია.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, საზოგადოებას ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ აქვს.
„მაიმუნის ყვავილი“ 2022 წლიდანაა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მისი წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, „მაიმუნის ყვავილს“ ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს. ერთი უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, რომლის შემთხვევაში 5% -ია გარდაცვალების მაჩვენებელი, ახლა სწორედ ეს ვარიანტი ცირკულირებს და მეორე დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც შედარებით ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი, 0.2%. ის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა, ეყრდნობოდა სწორედ ახალ აფეთქებას კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც გამოწვეული იყო პოტენციურად მძიმე დაავადების უნარის მქონე ვარიანტით. ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებში ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, შვედეთში, იმ ადამიანში, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უფრო იოლად გადაეცემა ეს ვარიანტი და უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს, ჯანმომ სწორედ ამიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხე.
„მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა იყოს ახლო კონტაქტი. 2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე ვირუსი გადაიცემა . აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონტაქტზე, დაზიანებული კანი კანთან კონტაქტი.
იწყება როგორც ვირუსული ინფექცია, ცხელება, საერთო სისუსტე, რესპირაციული სიმპტომები, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარი. ეს გამონაყარი რამდენიმე დღეში იღებს სპეციფიკურ სახეს, შიგთავსის შემცველი გამონაყარი, შემდეგ ის სკდება და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივად, ორიდან 4 კვირის განმავლობაში.
კოვიდის დროსაც 1-2 კვირა იყო ხანგრძლივობა, მაგრამ აქ ხანგრძლივობაა დიდი. აქ არის საყურადღებო გართულებებიც, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება. 2022-2023 წლის აფეთქების დროს გართულებების ალბათობა იყო ნაკლები, ახლა გართულების ალბათობა მაღალია. ლეტალობის პროცენტიც ცნობილია 100 დაავადებულიდან ლეტალობა დგება 4.9%-ში ანუ 5 შემთხვევაში. ბევრად უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში. თუმცა, ზოგ შემთხვევებში, ზოგ პირებში, განსაკუთრებით, ბავშვებში შეიძლება ეს მაჩვენებელი 10%-საც აღწევდეს. ჩვენთან რისკი არის ერთადერთი თუ საქართველოში შემოვიდა იმ ზონიდან ადამიანი, სადაც „მაიმუნის ყვავილია“ გავრცელებული. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს. თუ ამ ზონიდან შემოვიდა ადამიანი, მან შეიძლება შემოიტანოს.
რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა. მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს”,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.