ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ვაშინგტონის მიერ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი ავიამზიდი „Abraham Lincoln“ უკვე რეგიონშია. მის ბორტზე ორი ავიაგამანადგურებელია. სამხედრო გემს თანხლებას უწევს 21-ე ესკადრა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი – “Theodore Roosevelt“. აგვისტოს დასაწყისში ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავის, „USS Georgia“-ს გაგზავნის ბრძანებაც გასცა.
ახლო აღმოსავლეთი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაშია, ხოლო სამხედრო ძალების გაზრდის გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ისრაელ-„ჰამასის“ ომისა და ირანსა და ისრაელს შორის სიტუაციის დაძაბვის გამო მიიღო.
ორ ქვეყანას შორის მზარდი ესკალაცია 31 ივლისს, თეირანში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერზე, ისმაილ ჰანიეზე თავდასხმის გამო დაიწყო. უკვე სამი კვირაა, ირანი ისრაელს სამხედრო პასუხით ემუქრება.
21 აგვისტოს თეირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე ისმაილ ჰანიეზე განხორციელებულ თავდასხმას მოულოდნელად ან თეირანი ან წინააღმდეგობის ფრონტი უპასუხებს.