მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა 93 რუსულ დასახლებას აკონტროლებს

უკრაინა 93 რუსულ დასახლებას აკონტროლებს

93 რუსული დასახლება და რუსული მიწის 1263 კვადრატული კილომეტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა – ეს კურსკის ოლქში კიევის სახმელეთო ოპერაციის ოფიციალურად დადასტურებული შედეგია. 15-დღიანი კონტრშეტევის ფარგლებში, გლუშკოვოს რაიონში მყოფი რუსი სამხედროები რთულ ვითარებაში არიან.

კიევის მიზანი, აგრესორს ლოჯისტიკური პრობლემები შეუქმნას და რუსულ ტერიტორიაზე  „ბუფერული ზონა“ შექმნას, ნაწილობრივ სრულდება. კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში „კონტრტერორისტული ოპერაციის მდგომარეობა“ და ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა ნარჩუნდება.

უკრაინული წყაროები ავრცელებენ ცნობებს ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, რომელიც პირველ ოქტომბრამდე კურსკის ოლქზე კრემლის კონტროლის დაბრუნებას ითვალისწინებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ჯარების სამი ახალი დაჯგუფების  – „ბელგოროდის“, „ბრიანსკისა“ და „კურსკის“ შექმნის შესახებ აცხადებს, რომლებიც შესაბამის ოლქებში „საკონსტიტუციო წესრიგის დამყარებაზე“ იზრუნებენ.

გასულმა ღამემ საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმის ფონზე ჩაიარა მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ ეს იყო დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მოსკოვზე. მისივე ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევები გამთენიისას დაიწყო. ჩამოგდებულია 10 დრონი.

რუსულ ტერიტორიაზე კიევის წინსვლის პარალელურად, მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე დონეცკის ოლქის ოკუპაციას განაგრძობს. მძიმე ვითარება ნარჩუნდება პოკროვსკის რაიონში, რომელიც უკრაინელთა ერთ-ერთ სტრატეგიულ კვანძია. ყოველდღიურად იქ მცხოვრებ მოქალაქეებს დასახლებების უსაფრთხოდ დატოვების სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩებათ. უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს საცხოვრებლები დატოვონ მანამ, სანამ ევაკუაცია ოკუპანტების აქტიური შეტევების გარეშეა შესაძლებელი.

დასავლელი ლიდერებისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის 19 აგვისტოს მოწოდება, იარაღის მიწოდებასა და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასთან დაკავშირებით პარტნიორებისთვის ბიძგისმომცემი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. კიევისთვის საბრძოლო მასალების პირდაპირ გადაცემის ნაცვლად, ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ, ფინანსურ დახმარებაზე განაცხადა. ვაშინგტონი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა უკრაინისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერას ადასტურებს. მომდევნო წელს კიევისთვის სამხედრო ბიუჯეტის განახევრებაზე მედიაში გავრცელებული ცნობების გამო, გერმანიის კანცლერს კვლავ მოუწია დამატებითი განმარტების გაკეთება, რომ ბერლინი კიევს რუსული აგრესიის პირისპირ არ დატოვებს.

„ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვის ასობით ათასი ასეთი საჭირო მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის შეძენას. ეს არის ჩეხეთის რესპუბლიკისა და საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის მიმართ ჩვენი მოკავშირეების ნდობის კიდევ ერთი მტკიცებულება“, – დაწერა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟანა ჩერნოჩოვამ სოციალურ ქსელ X-ზე.

„ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად რჩება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი რუსული აგრესიისგან თავდასაცავად“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ X-ზე.

დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ისევ მწვავეა მოსკოვის რეაქცია. კრემლი კიევსაც და დასავლეთსაც „ტერორიზმის მხარდამჭერებად“ აღიქვამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უკრაინის სამხედრო მომარაგებასა და რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების წახალისებაში ლატვია დაადანაშაულა. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კი კიევს კვლავ „საერთაშორისო სამართლის დამრღვევ ტერორისტულ რეჟიმად“ მოიხსენიებს. კურსკის ოლქში ოპერაციის გამო, მარია ზახაროვას მსგავსად ისიც, უკრაინასთან ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებას გამორიცხავს.

„რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვებს განვიხილავთ, როგორც დადასტურებას უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ამ ქვეყნის მზარდი ჩართულობის შესახებ. ოფიციალური რიგა განზრახ ასხამს ცეცხლზე ნავთს და პროვოცირებს სამხედრო ოპერაციების გეოგრაფიის გაფართოებას, ისე რომ არ მალავს თავის ღვარძლიანობას, რომ ლატვიურ იარაღს ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმი იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და რუსული ქალაქების დასაბომბად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, გაჩნდა ერთი საშიშროება – მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გარკვეულ ვითარებაში აღმოჩნდეს. ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ პირად არხზე.

რუსულ ტერიტორიაზე მიმდინარე სახმელეთო ოპერაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი „ოკუპაციად“ არ აღიქვამს. იგორ კლიმენკოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პაკეტების შემუშავებასა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, 93 დაკავებული დასახლებული პუნქტიდან არც ერთში არ ჩამოყალიბებულა დროებითი უკრაინული მთავრობა.

„ჩვენ არ მოგვიხდენია ამ ტერიტორიების ოკუპაცია. არ დაგვიმყარებია არანაირი ძალაუფლება, იქ მოქმედებს სამხედრო კომენდატურა და ის ხალხი, ვინც იქ დარჩა, ჰუმანიტარულ დახმარებას და მედიკამენტებს იღებს, რაც ჟენევის კონვენციებით არის გათვალისწინებული. ეს არ არის კეთილად წარმოჩენის სურვილი, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ უკრაინა არის პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, რომელიც იცავს მის მიერ ხელმოწერილ კონვენციებს. იქ მყოფი ადამიანების 90%-ი 60 წელს გადაცილებულები არიან, არიან ონკოპაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ მედიკამენტებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, სიკვდილისთვის გავწიროთ ისინი“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის 909-ე და სახმელეთო ოპერაციის მე-15 დღეს, კიევში ელიან დამატებით საბრძოლო შეიარაღებას, მხარდამჭერი სიტყვების პრაქტიკულ ქმედებებად ქცევასა და რუსული ტერიტორიების დაკავებით მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებების გზისკენ შემობრუნებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend