კადრებში უკრაინაში ფრონტის ხაზზე მებრძოლი ქართველები ჩანან. 2014 წლიდან უკრაინაში ქართული ლეგიონი მოქმედებს.
დანაყოფი, რომელიც ახლაც ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზეა გადანაწილებული, ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო დანაყოფს წარმოადგენს, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება. როგორც ლეგიონერები ამბობენ, ეს დანაყოფი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს უკრაინის თავდაცვით ომში.
ქართულ ლეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე 200 მებრძოლამდე იყო. შემდეგ 1500, ამჟამად კი მასში 2000 სამხედროზე მეტი ირიცხება. მათ შორის არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. დანაყოფი საკმაოდ რთულ ამოცანებს ასრულებს და სწორედ ამიტომაც ქართულმა ლეგიონმა არაერთი თანამებრძოლი დაკარგა.
რუსეთი ქართული ლეგიონის წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ლეგიონის მეთაურზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლს 70-ზე მეტ მოხალისეზე აქვს ბრალდება წაყენებული. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა. თუმცა ასეთი ჰიბრიდული მოქმედებები და დისკრედიტაციის მცდელობა მებრძოლთა მოტივაციას არ ადუნებს.
ქართული ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ დანაყოფად 2016 წლიდან ირიცხება. ლეგიონში მრავლად არიან საქართველოს თავდაცვის ძალების ის ყოფილი სამხედროები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ისინი ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდნენ. ქართველი მებრძოლები ძალას არ იშურებენ მტრის შესაჩერებლად. როგორც ლეგიონის წევრები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაა, ამის ერთ-ერთი პირობა კი რუსეთის უკრაინაში დამარცხებაა.
„ლეგიონის ერთ-ერთი მისია არის ის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ომი. ყველა ქართველს მინდა მივმართო, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ გენს და ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი“, – აცხადებს მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის მეთაური.
სრულმასშტაბიანი ომი კრემლმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. ამ ომში კრემლის აგრესიას 50-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 21 ლეგიონის წევრი იყო. ქართველი მებრძოლები ამ მომენტშიც ეწინააღმდეგებიან რუსულ აგრესიას ფრონტის ხაზზე.