ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განცხადება გააკეთა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
ზაპორიჟია, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომი დაწყების შემდეგ მალევე მოექცა რუსეთის კონტროლქვეშ.
The nuclear safety situation at Ukraine’s Zaporizhzhya Nuclear Power Plant is deteriorating following a drone strike that hit the road around the plant site perimeter today, IAEA DG @rafaelmgrossi said. https://t.co/t2PZJOt09L pic.twitter.com/s1fTDWVT5Y
— IAEA – International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) August 17, 2024
გასულ შაბათს კი დრონი იმ გზის მახლობლად ჩამოვარდა, რომელსაც სადგურამდე მისასვლელად იყენებს პერსონალი.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს დაუდასტურა, რომ ადგილზე მყოფი ექსპერტები ინფორმირებული იყვნენ აფეთქების შესახებ და მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს შემთხვევის ადგილი.
რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ასაფეთქებლის ჩამოგდებაში უკრაინა დაადანაშაულა.
კონფლიქტის დაწყების შემდეგ ზაპორიჟია არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.
ელექტროსადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს საბოტაჟის მცდელობაში სდებენ ბრალს.
გროსის თქმით, ამ ქმედებებით ირღვევა ბირთვული უსაფრთხოების ნორმები, რაც საფრთხეს უქმნის ელექტროსადგურს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ. კვლავ მოვუწოდებ ორივე მხარეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და მკაცრად დაიცვან ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის დადგენილი ხუთი კონკრეტული პრინციპი“, – დასძინა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი გამაგრილებელი წყლის აუზებთან ძალიან ახლოს და დნიპროვსკის ელექტროგადამცემი ხაზიდან სულ რაღაც 100 მეტრში ჩამოვარდა. IAEA-ს თქმით, ეს ერთადერთი 750-კილოვოლტიანი ხაზია, რომელიც ჯერ კიდევ უზრუნველყოფს დენით ელექტროსადგურს.
შაბათს IAEA-ს ჯგუფი შემთხვევის ადგილას მივიდა. მათ აღნიშნეს, რომ დაზიანება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმ დრონის ჩამოვარდნით, რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით.
ანგარიშის მიხედვით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამჯერად ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურაც გადარჩა, თუმცა დაზიანდა ზაპოროჟიის ორ მთავარ კარიბჭეს შორის მიმავალი გზა.
მოვლენები იმ დროს განვითარდა, როდესაც უკრაინელები რუსეთის კურსკის რეგიონში აგრძელებენ შეტევას.
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 6 აგვისტოდან კურსკის რეგიონში 82 დასახლებასა და 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA იუწყება, რომ მოსკოვს სურს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის დეტელები IAEA-სთან განიხილოს.