რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ბაქოში ის უკვე შეხვდა ქვეყნის ლიდერს, ილჰამ ალიევს.
ვლადიმირ პუტინისა და ილჰამ ალიევის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას შეეხო. რუსული მედიის ცნობით, სომხეთის საკითხის გარდა, სახელმწიფოების მეთაურები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე „საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს“.
ვლადიმირ პუტინი ბაქოს ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ეწვია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის მიზეზი უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო დეპორტაცია გახდა, რასაც კრემლი უარყოფს. დაკავების საფრთხის გამო, ვლადიმირ პუტინს საერთაშორისო ვიზიტები შეეზღუდა, თუმცა ის მხოლოდ იმ სახელმწიფოებს სტუმრობს, რომლებიც არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერნი. ამ სიაშია აზერბაიჯანი, რომელიც არაა მოვალე, აღასრულოს ჰააგის სასამართლოს ორდერი.
„მოხარული ვიქნებოდი, თუ რაიმეს გაკეთებას შევძლებდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესისთვის, ასევე, ლოჯისტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი მიმართულებების განვითარებაში. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, მე მექნება კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
„დადებით დინამიკასა და კარგ მაჩვენებლებს ვხედავთ ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით დღეს ყველა ამ თემას კიდევ ერთხელ განვიხილავთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.