მთავარიაზიაავღანეთითალიბანის ავღანეთი - ძალაუფლების სამი წელი

თალიბანის ავღანეთი – ძალაუფლების სამი წელი

14 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დამყარების მესამე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ეს კი მაშინ ხდება, როცა ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისია.

თალიბების სამხედრო აღლუმი ქაბულიდან 40 კილომეტრში, ბაგრამის აეროდრომზე გაიმართა. იქ, სადაც ოდესღაც ამერიკული საჰაერო ბაზა იყო. აღლუმს 10, 000-მდე კაცი ესწრებოდა. ქალები ღონისძიებაზე არ დაიშვებოდნენ. თალიბანის კაბინეტის წევრები საუბრობდნენ ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა ისლამური კანონის გაძლიერება და სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება.

სიტყვით გამომსვლელები საერთაშორისო აუდიტორიასაც მიმართავდნენ, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ დიასპორას დაბრუნებისკენ მოუწოდეს, დასავლეთს კი – თანამშრომლობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ თალიბები ქვეყანას 3 წელია მართავენ, მათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ დრომდე არ აქვთ.

თალიბანის სამწლიანი მმართველობის პირობებში ავღანეთში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა. ისინი ქალებს სულ უფრო მეტად ზღუდავენ. უფლებადაცვითი ორგანიზაციის, „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება ყველაზე მეტად ქალებს აზარალებს.

მიუხედავად საერთაშორისო წინააღმდეგობისა, თალიბანი აგრძელებს მკაცრი რეგულაციების შემოღებას – მაგალითად ქალების სიკვდილით დასჯას, საჯარო ჩაქოლვას და მათთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

ქვეყნის არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დატოვა. გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაორმაგდა. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, 6 მილიონზე მეტი ავღანელი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და ბევრი მათგანის უსაფრთხოება, ისევე, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არ არის უზრუნველყოფილი.

12 მილიონზე მეტი ავღანელი კი შიმშილის ზღვარზეა.

ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩში“ მიიჩნევენ, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებათა კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო ძალისხმევაა საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend