მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატები თითქმის ყოველდღე ხვდებიან ამომრჩევლებს.
აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატიც არის, მოსახლეობას ამჯერად მერილენდში შეხვდა. ამ შეკრებაზე კამალა ჰარისთან ერთად იყო შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც საკუთარი კანდიდატურის გაწვევის შემდეგ პირველად შეხვდა ამომრჩევლებს. ჰარისმა და ბაიდენმა მოსახლეობასთან ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სისტემასა და მედიკამენტების ფასებზე ისაუბრეს.
„დიდხანს ველოდი ამ მომენტს. 1973 წელს მე მხარი დავუჭირე კანონპროექტს, რომელიც Medicare-ს ფარმაცევტულ კომპანიებთან წამლის ფასებზე მოლაპარაკებას გულისხმობდა. კამალა და მე ვაპირებთ, რომ წინ აღვუდგეთ დიდი ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლიას. თითქმის მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერა ხელმისაწვდომ ჯანდაცვის მიღწევას ეძღვნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ. რესპუბლიკელებს უნდათ, რომ გააუქმონ Medicare-ის უფლებამოსილება წამლების ფასებზე მოლაპარაკების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ დიდი კომპანიები ფასებს თვითნებურად დააწესებენ – ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – უთხრა ბაიდენმა ამომრჩევლებს.
ბაიდენი-ჰარისის შეხვედრების პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს დონალდ ტრამპი. ის მოქალაქეებს ამჯერად ნიუ ჯერსიში შეხვდა, სადაც მთავარი ოპონენტის, კამალა ჰარისის კრიტიკას დიდი დრო დაუთმო.
„მოდით გადავხედოთ, რამდენიმე ფაქტს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ ჩვენ, როგორც ქვეყანა – ჩვენ ამ მომენტში წარუმატებელი ერი ვართ. კამალა ჰარისი არის რადიკალური კალიფორნიელი ლიბერალი, რომელმაც მოარღვია ეკონომიკა, მოარღვია აშშ-მექსიკის საზღვარი და მოარღვია მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვათ, ის ძალიან დამღუპველია მთელი მსოფლიოსთვის. ის ანადგურებს ყველაფერს, რასაც ეხება. და თუ ის გაიმარჯვებს, თქვენი ფინანსები და თქვენი ქვეყანა ვერასოდეს აღორძინდება“, – მიმართა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს ბევრი რამ გადაწყდება ამერიკასა და მსოფლიოში.