მთავარიაზიაისრაელიისრაელი კვლავ ითხოვს მძევლების გათავისუფლებას

ისრაელი კვლავ ითხოვს მძევლების გათავისუფლებას

თელ-ავივის ქუჩებში კვლავ გამოვიდა ათასობით მოქალაქე, ღაზაში დატყვევებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა ოჯახის წევრები, რომელთაც თან ჰქონდათ ახლობლების ფოტოები. ისინი ისრაელის მთავრობისგან შეთანხმების გაფორმებასა და მძევლების სასწრაფოდ სახლში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

„მათ  გარეშე ეს ქვეყანა არ არის სრულყოფილი. მათ გარეშე ეს ქვეყანა ინგრევა“, – თქვა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იონი ლევიმ.

„ვფიქრობთ, ეს ბოლო შანსია, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ სახლებში“, – უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დევიდ შაპირომ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ახვეული თვალებითა და გაკოჭილი ხელებით მიწაზე ისხდნენ და ისრაელის ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ.

დემონსტრაციის პარალელურად საერთაშორისო შუამავლები დოჰაში ისრაელის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი მიზანი მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაა, რომელიც  ცეცხლის დროულად შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შუამავლები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უფრო დიდ რეგიონულ კონფლიქტს აიცილებენ თავიდან. მოლაპარაკებებს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ არცერთი წევრი არ დასწრებია.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც  დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა დაახლოებით 1200 პირი დახოცეს, 250 – კი გაიტაცეს.

ისრაელის ინფორმაციით, 110 მძევალი კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ომის შედეგად 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend